15 საჩივარი მეორე ტურიდან - გასაჩივრების ვადა 2 დღეა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 15 საჩივარია შესული.

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის ცნობით, საჩივრები ეხება ერთი უბნის ბათილად ცნობას, ასევე გადასატანი ყუთების ბათილად ცნობას გლდანსა და ქუთაისში. საჩივრები შესულია რუსთავის (1, გლდანის (2), თელავის (1), ქუთაისის (5), ზუგდიდის (4), ბათუმისა (1) და ისნის ოლქებში (1).

საჩივრების განხილვის ვადა 2 დღეა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ მონაწილეობდა. ცესკოს მიერ 2003 უბნის დათვლის შედეგად, მეორე ტურში მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს.