„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისთვის, ირაკლი კობახიძისთვის უცნობია, როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. იგი ვარაუდობს, რომ შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება:
,ჩვენ მზად ვართ ყველანაირი კონსულტაციებისთვის, რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები არის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, ისეთი პარლამენტი, რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო სწორედ ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.
როგორც მან განაცხადა, ისეთი არჩევანი გააკეთა, რომელიც ქვეყნის შემდგომ განვითარებას სჭირდება:
„ძალიან ბევრი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც პანდემიასთანაც არის დაკავშირებული და ბევრ სხვა ფაქტორთანაც. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ წინ წაიწიოს ჩვენმა ქვეყანამ ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.
დღეს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. პარლამენტში შესვლაზე ისინი უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ფასილიტატორების დახმარებით მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა.