შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს 3,9-დან 6,9 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ექვსივე არასრულწლოვანს პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე მაია ოშხარელმა საკუთარი გადაწყვეტილება 20 ნოემბერს, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე გამოაცხადა.

  • ექვსი ბრალდებულიდან სამს, ლ.შ-ს, ნ.ც-სა და გ.მ.-ს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათ ბრალდება ჯგუფურ ძალადობასა და ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა;
  • ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნ.ქ.-ს;
  • რაც შეეხება კიდევ ორ ბრალდებულს, ზ.ხ-სა და ა.ქ-ს, მათ გამოძიება ედავებოდა როგორც ჯგუფურ ძალადობას, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მოსამართლემ ბრალდებულებს 6 წლითა და 9 თვით აღუკვეთა თავისუფლება.

ექვსი არასრულწლოვნის მიმართ წაყენებული მუხლები, სსკ-ის 143-ე და 225-ე მუხლები, მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება და საერთო ჯამში, 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მიუხედავად მძიმე კატეგორიის დანაშაულისა, სასჯელი, რომელსაც მოსამართლე არასრულწლოვან ბრალდებულებს უსჯის, ერთი მეოთხედით მცირდება. სწორედ ამ კოდექსის გათვალისწინებით განისაზღვრა 20 ნოემბერს ბრალდებულთა სასჯელის ზომა.

ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია, არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები, ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუკი მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

არასრულწლოვნების ადვოკატები მოსამართლის განაჩენს არ ეთანხმებიან და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. მაია ოშხარელის გადაწყვეტილებას ისინი უკანონოს უწოდებენ. მათ შორისაა, ნ.ც-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე:

„ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ცუდად დაუბრუნდება მართლმსაჯულებას და ზოგადად, საფრთხეს უქმნის სასამართლოს. არ შეიძლება მოსამართლეს ასეთი განაჩენი გამოჰქონდეს. ველოდებით განაჩენის გადმოცემას ერთი კვირის განმავლობაში და მზად ვართ გასაჩივრებისთვის“.

კიდევ ერთი არასრულწლოვნის, გ.მ.-ს ადვოკატი, როსტომ კერესელიძე აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება იყო შურისძიება ფეხბურთელის გარდაცვალების გამო:

"მოსამართლეს პატარა ჰუმანურობაც კი არ გამოუჩენია, მიუხედავად იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა, მით უმეტეს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ითვალისწინებს, რომ ამ შემთხვევაშიც კი მან ნაწილი მაინც ჩაუთვალოს ბრალდებულს პირობითში ან მთლიანად ჩაითვალოს დანიშნული სასჯელი პირობითში. ერთი დღეც კი არ განუსაზღვრა ბრალდებულებს დანიშნული სასჯელის პირობითად მოხდაში. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ზემოდან სერიოზული დაკვეთა იყო, სავარაუდოდ, პროკურატურიდან, ვერ გეტყვით კონკრეტულ პირებს, თუმცა, დაკვეთა რომ შესრულდა ფაქტია. ჩვეულებრივ ჩხუბზე, რომელიც ავტობანზე მოხდა, ასეთი მძიმე განაჩენი დადგა. არც ის გაითვალისწინეს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ, ეს იყო შურისძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იმ ბიჭების მიმართ, ვისაც შემხებლობა არ ჰქონდა გიორგი შაქარაშვილთან".

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე წარმოებად ზაფხულში გამოყო. საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს დაიწყო.

რაც შეეხება ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის საქმეს, ამ საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 8 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ბრალდება ხუთ პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ასევე, ორ არასრულწლოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს ედავება. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

მიმდინარე წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ. ამ მანქანებში ისხდნენ არასრულწლოვნები ზ.ხ., ნ.ც., ნ.ქ. და ა.ქ. რაც შეეხება ლ.შ-სა და გ.მ.-ს ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიორგი შაქარაშვილისა და მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდების სიახლოვეს.

პროკურატურის ვერსიის თანახმად, სწორედ ეს პირები და მათთან ერთად მყოფი სხვა სრულწლოვანი ბრალდებულები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული მდევრების გამოჩენისას იკარგება.

ბრალდება ირწმუნება, რომ „ტოიოტა კამრის“ ხუთმა მგზავრმა, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც გიორგი იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. მდევრები ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, ის სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.