შურისძიება უსიყვარულობის გამო

“სუიციდის ოთახი: მოძულე” (2020, პოლონეთი, რეჟისორი იან კომასა. “Suicide room:hater”)

4 დეკემბერს ცნობილი გახდება ევროპის კინოაკადემიის პრემიის (სხვაგვარად - “ევროპული ოსკარის”) ლაურეატთა ვინაობა. 2020 წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე წარდგენილ სურათებს შორის გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს პოლონელი რეჟისორის იან კომასას ფილმს „ქრისტეს სხეულის დღესასწაული”, რომელიც შარშან “ოსკარის” ფინალში მოხვდა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. 20 წლის “ცრუ-მღვდლის”, დანიელის, ამ ისტორიის ნახვას ყველას გირჩევთ. ჩემი აზრით, “ქრისტეს სხეულის დღესასწაული” არც თხრობის მანერით, არც მსახიობების თამაშით, არც აქტუალურობით არ ჩამოუვარდება კორეულ “პარაზიტებს”, რომელთანაც შარშან “ოსკარი” წააგო. თუმცა მაშინაც კი 39 წლის პოლონელი რეჟისორის და მისი სცენარისტის, 27 წლის მატეუშ პასევიჩის, წარმატებას თვით პოლონური კინოს მოყვარულებიც შემთხვევითობით ხსნიდნენ. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ (ალბათ, ქშიშტოფ კიშლოვსკის თუ არ ჩავთვლით, რომელიც, ფაქტობრივად, გადასახლდა საფრანგეთში სამუშაოდ) პოლონელი რეჟისორები ოდნავაც კი ვერ მიუახლოვდნენ იმ დონეს, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჰქონდათ, ე.წ. “მესამე თაობის კინოს” ეპოქაში. “ბრიტანელი პოლონელის”, პაველ პავლიკოვსკის, “იდას” გამონაკლისადაც კი ვერ მივიჩნევ. ეს უფრო საექსპორტოდ გამზადებული “რეტროა”, ვიდრე რაიმე სიახლე პოლონური კინოს ისტორიაში, ნიკიტა მიხალკოვისა და კლოდ ლელუშის პოლონური ვარიანტი.

იან კომასას, როგორც რეჟისორის, მთავარი ღირსება ისაა, რომ, არ წყვეტს რა კავშირს იმ “მესამე თაობასთან”, პოლონური კინოს შედევრების უბრალო გაცოცხლებას კი არ მიმართავს, რასაც მისი კოლეგები მუდმივად აკეთებდნენ აქამდე, არამედ დისკუსიას იწყებს ავტორებთან, რომლებმაც ეროვნულ კინოს სახელი გაუთქვეს მსოფლიოში. “ქრისტეს სხეული” რომ პოლონური კინოს დღევანდელი ლიდერის შემთხვევითი გამარჯვება არაა, ის რომ სურათის წარმატების მიზეზი მხოლოდ კარგი სცენარი და შესანიშნავი მსახიობი არაა, რასაც თავიდან ამტკიცებდა ბევრი, ამას მოწმობს იან კომასას ახალი ფილმი “სუიციდის ოთახი: მოძულე”, რომელიც სულ ახლახან ნიუ-იორკის ფესტივალის პრიზით აღინიშნა, როგორც საუკეთესო მხატვრული ფილმი.

“სუიციდის ოთახის” მთავარ გმირს, სტუდენტს, რომელიც პლაგიატის გამო გარიცხეს უნივერსიტეტიდან, ტომეკი ჰქვია. გახსოვთ ეს სახელი? ტომეკი იყო ქშიშტოფ კიშლოვსკის ფილმ “დეკალოგის” იმ ნოველის პერსონაჟი, რომელსაც სხვანაირად “მოკლე ფილმი სიყვარულზე” ერქვა; “არა იმრუშო” - ახალგაზრდა ვუაიერისტზე, რომელიც მოპირადაპირე სახლში მცხოვრებ მხატვარ ქალს უთვალთვალებს. “სუიციდის ოთახშიც” თვალთვალს - უფრო სწორად, მიყურადებას - იწყებს ტომეკი იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობენ მასზე. ოღონდ ახლა ოცდამეერთე საუკენეში ვართ! ტომეკის იარაღი არა უბრალო ჭოგრიტი, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიები, თანამედროვე კომუნიკაციებია.

“ქრისტეს სხეულში” ეკლესია თრგუნავდა ადამიანს და კლავდა მასში შემოქმედებით მუხტს. “სუიციდის ოთახში” შემოქმედებას უკვე ვერაფერი ეღობება წინ. თანამედროვე ტექნოლოგიები სწორედ ფანტაზიის, კონსტრუირების, ფაქტის გადაკეთების სამსახურში დგანან; მათი შესაძლებლობები იმდენად იზრდება, რომ ნებისმიერ მოვლენას შეგიძლია სახე უცვალო. და არა მარტო მოვლენას, ადამიანსაც შეგიძლია “მიამაგრო” ნიღაბი, რომელიც იმ მომენტში ხელს გაძლევს მისი დისკრედიტაციისთვის, და ასე გადაუხადო სამაგიერო იმას, ვინც არ მიგიღო, ვინც თავისი სივრციდან ამოგაგდო (აქ, ”დეკალოგის” გარდა, კიდევ ერთი, ჩემი საყვარელი ფილმი მახსენდება - ლუი მალის “ლაკომბ ლუსიენი”).

მაგრამ კომასას ახალ ფილმში შემოქმედების ეს შესაძლებლობა “ეშმაკთან ზავის” შედეგი უფროა. მოულოდნელად ცოცხლდება “მესამე თაობის” პოლონური კინოსთვის დამახასიათებელი ზნეობრივი არჩევანის თემა. იმხანად პოლონური კინოს ამ მიმართულებას “მორალური შფოთვის კინოს” უწოდებდნენ. კომასას სურათში შფოთვაა მთავარი ინტონაცია. შფოთვა სურათის მთავარი გმირის ბედზე, შფოთვა კათოლიკურ პოლონეთზე, შფოთვა თანამედროვე სამყაროზე. სურათის მსვლელობის პროცესში თქვენი განწყობები მუდმივად შეიცვლება (კარგი კინო არ არსებობს განწყობათა ამ დინამიკის გარეშე). განსაკუთრებით მთავარი გმირის მიმართ დამოკიდებულებაში იგრძნობთ, რომ ვერა და ვერ გიყალიბდებათ პოზიცია - ხან ბრაზდებით, ხან აღფრთოვანდებით, ხან გეცოდებათ, ხან გეზიზღებათ...ჩვენ თვალს ვადევნებთ სადამდე შეიძლება ადამიანი მიიყვანოს სიძულვილმა, დამცირებამ, როგორ შეიძლება შურისძიების ვნებამ სინდისზე ააღებინოს ხელი. თვალს ვადევნებთ და ვიკვლევთ კომასას ფილმის გმირს, უფრო სწორად, “ანტიგმირს”. მაყურებლის აქტიური ჩართვა არა მარტო კარგი მსახიობის, მაცეი მუსიალოვსკის, არამედ, პირველ რიგში, რეჟისორის დამსახურება, მისი უნარი მუდმივად ცვალოს ხედვის კუთხე და თავიდან აიცილოს მორალიზმი, დამახასიათებელი პოლონური კინოს იმ უფროსი თაობისთვის, რომელთანაც კავშირს კომასა არ წყვეტს. უბრალოდ, სხვა გზას ირჩევს მაყურებლის დასაფიქრებლად - რაკურსებს ცვლის გმირის პორტრეტისთვის.

პოლონური კინო, რომელიც ოდესღაც კომუნისტურ ტოტალიტარიზმს დაუპირისპირდა, ახლა წარმოაჩენს ძალადობას ვირტუალურ სამყაროში, “პროგრამულ ტოტალიტარიზმს”. როდესაც ტექნოლოგიური მანიპულაციებით, ცნობილ ადამიანებზე კომპრომატების შეგროვებით არა მარტო ინგრევა ადამიანთა ცხოვრება, მათი კარიერა, არამედ, უბრალოდ, იღუპებიან ადამიანები.

პოლონეთისთვის კომუნისტური ტოტალიტარიზმი შორეული წარსული არ არის. საქართველოსთვის ხომ არ არის და არ არის. მთელი თაობები გაიზარდნენ ჩვენში “კომუნისტსა” და “პრავდაზე”. პირველ რიგში, ამ თაობის, ამ ხალხის მოტყუება არაა ძნელი ფეიკინფორმაციებით, რომლებსაც აგროვებენ და ავრცელებენ კომასას ფილმში. თანაც, მათ მშვენივრად გაუძლეს სიცრუისა და დეზინფორმაციის ეპოქას. ამიტომ არც ფეიკნიუსების სიმრავლე შეაშინებთ. მაგრამ ეგ თაობა იქით იყოს. წამსვლელია. აი, ამ პროცესში რომ ახალგაზრდებს რთავენ, მათ ამუშავებენ და უხდიან ხელფასს (გაგახსენებთ, რომ წელს, გაზაფხულზე, ფეისბუკმა აკრძალა ქართული წარმოშობის ასობით გვერდი დეზინფორმაციის გამო, რომელსაც მათი მფლობელები ავრცელებდნენ), ეს უკვე სეროზული პრობლემაა ქვეყნის მომავლისთვის. ვინ არიან ეს ახალგაზრდები? ვინ შემოიყვანა ისინი სიცრუისა და ცილისწამების ქსელში? იან კომასას ფილმის გმირის მსგავსად, ისინიც ხომ არ მიატოვა, მარგინალად ხომ არ აქცია ხელისუფლებამ, საზოგადოებამ და ამიტომ დაუტოვა ერთადერთი გზა - შურისძიება?

კი, ტერორიზმის ერთ-ერთი ფორმაა ის, რასაც ვნახავთ პოლონურ ფილმში. ოღონდ ტერორიზმი პოეზია არაა და არც არასდროს იქნება.