"ვაიძულოთ ხელისუფლება ჩაატაროს ხელახალი არჩევნები" - მოქალაქეები "შეურიგებლობის მანიფესტს" ავრცელებენ

მოქალაქეთა ერთი ნაწილი, ოპოზიციური პარტიების მსგასად, უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და "შეურიგებლობის მანიფესტს" ავრცელებენ. ისინი ამით აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში; საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიებს მიმართავენ.

მანიფესტის ხელმომწერი მოქალაქეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 30 წლის თავზე საქართველო უმძიმესი რეალობის წინაშე დგას. კერძოდ, კვლავ პრობლემურია: ​უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და უკიდურესი სიღარიბე; კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანურობა; დასუსტებული სახელმწიფო, გაძლიერებული კრიმინალი; საქართველოს გეოპოლიტიკური როლის დაკნინება; ხელისუფლებას დამორჩილებული სასამართლო სისტემა; პარტიული ინტერესების მომსახურე სამართალდამცავი უწყებები; ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის ფაქტები; რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან მარცხი.

მათ მიაჩნიათ, რომ არსებული გამოწვევების ფონზე არსებობდა მოლოდინი, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ერთპარტიული მმართველობა მრავალპარტიულით ჩანაცვლდებოდა და თითოეული მოქალაქის ინტერესები იქნებოდა დაცული.

"სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას ხელიდან გამოგლიჯა არჩევანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლება. ნათელია, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენას განუსაზღვრელი ვადით აპირებს და ამისთვის უკან არაფერზე დაიხევს.

უკან დახევას არ ვაპირებთ არც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ არ შევურიგდებით თავსმოხვეულ რეალობას და გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა კანონიერ საშუალებას, რათა საზოგადოებრივი ზეწოლით ხელისუფლება ვაიძულოთ, ჩაატაროს ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ძალას არ დავიშურებთ, რომ მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან, რათა მივაწვდინოთ საპროტესტო ხმა და ამ პროცესის თანაზიარი გავხადოთ.

მოვუწოდებთ თითოეულ თანამოქალაქეს, შემოუერთდეს ჩვენს სამართლიან ბრძოლას და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლების წყარო ვართ ჩვენ - ხალხი და სწორედ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება", - ვკითხულობთ მიმართვაში.

აქვე აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების მიმართ მხარდაჭერა და მოწოდება, რომ შეინარჩუნონ ერთობა.

"მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორებს, დაიკავონ მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასაცავად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს მათ მიერ შექმნილი კრიზისის კრიტიკულობა. გაიაზროს ის, რომ ჩამოშლილ სახელმწიფოს ჩვენ ვერ და არ შევეგუებით", - აღნიშნულია მიმართვაში.

მანიფესტს ხელს აწერენ: აჩიკო გულედანი, ბექა გოჩიაშვილი, ბექა მინდიაშვილი, ბუკა პეტრიაშვილი, გიორგი ქადაგიძე, დათო კოვზირიძე, ეთო ბუზიაშვილი, ვანო მაჭავარიანი, ვაჟა გაფრინდაშვილი, ვახო ბაბუნაშვილი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ზაზა აბაშიძე, ზვიად ციკოლია, იაგო კაჭკაჭიშვილი, ირაკლი საღინაძე, ირაკლი ტაბლიაშვილი, ლაშა ბუღაძე, ლევან ბუთხუზი, ნინო დარასელი, პაატა შამუგია, რატი ამაღლობელი, ტორესა მოსი, ფადი ასლი, შოთა დიღმელაშვილი, ხათუნა ლაგაზიძე და სხვები.