მამუკა მდინარაძე: არ ვიცი, როდის გაიმართება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია როდის გაიმართება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომლის ფასილიტატორები საქართველოში ამერიკის ელჩი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არიან.

„თქვენ იცით, რომ ეს შეხვედრები ხდება ჩვენი ფასილიტატორი ელჩების მეშვეობით, მათთან შეთანხმების საფუძველზე ეს დეტალები გადაწყდება. შეიძლება ეს იყოს უახლოეს დღეებში, მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც მედიასთან არ ილაპარაკა იმ შეთავაზებაზე, რომლითაც მესამე რაუნდზე წარსდგება „ქართული ოცნება“:

„ჩვენ ყველას და ოპონენტებსაც, ვინც პასუხისმგებლობით უდგება მოლაპარაკებების საკითხს, გვიჭირს კონკრეტულ დეტალებზე საუბარი იმიტომ, რომ შეთანხმებაა, რომ დეტალებზე, რაც იდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვერ ვსაუბრობთ. ერთადერთი გამონაკლისი იყო ის შემთხვევა, როდესაც თავად ოპონენტებმა გაახმოვანეს მეორე შეხვედრის შემდეგ რომ უარს აცხადებენ ხმების და ბიულეტენების გადათვლაზე. ამიტომ ჩვენ მოგვიწია პასუხის გაცემა. და გახმოვანდა მხოლოდ აქედან გამომდინარე შემხვედრად, რომ მათ უარი განაცხადეს ბიულეტენების გადათვლაზე და ასევე ვიდეოჩანაწერების შემოწმებაზე, რომელიც ეგრეთ წოდებულ კარუსელებს ეხებოდა და მათი სპეკულაციების ერთ ნაწილს გამორიცხავდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ შეიძლება იყოს „ქართველი ხალხის არჩევნის გადახედვა“ და ასევე ვადამდელი არჩევნების ჩატარება:

„ჩვენ ამომრჩეველსაც მივმართავთ და მივმართავთ ყველა ამომრჩეველს, რომ მათ მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით, ამის გადახედვას, ახალი არჩევნების ჩატარებასა და ამ არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არავინ აპირებს. სხვა საკითხებზე ვისმჯელებთ, ვილაპარაკებთ და გადაწყვეტილებასაც ვიმედოვნებ, მივიღებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფასილიტატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ქვეყანაში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით მოითხოვს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.