"ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობას აკისრებს

"ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატები აცხადებენ, რომ არ აპირებენ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას და ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებენ. მაჟორიტარობის კანდიდატებმა ამომრჩეველს თავად მიმართეს.

ამომრჩეველს მიმართა სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმაც. ის 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში მისულ ადამიანებს პასუხისმგებლობას აკისრებს.

"საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩემი რაიონის ამომრჩეველს, მინდა მოვუწოდო, რომ არ მიიღონ იმ ცირკში, რომელსაც 21 ნოემბერს დადგამს "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი. თითოეული ადამიანი, რომელიც მივა არჩევნებზე აიღებს პასუხისმგებლობას ისევე, როგორც თამარ ჟვანია [ცესკოს თავმჯდომარე] თავის ხელმოწერით პასუხისმგებლობას, რომ მყარდება დიქტატურა", - თქვა მან.

ცესკოს მონაცემებით, 1-პროცენტიან ბარიერს პროპორციული არჩევნებში 8 ოპოზიციური პარტია ლახავს, 17 მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტურია დანიშნული. ოპოზიციური პარტიები ცესკოს მონაცემებს არ ენდობიან, ბოიკოტს აცხადებენ მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში შესვლაზე.

მეორე ტურში ყველა ოლქში ერთ-ერთი კანდიდატი "ქართული ოცნებიდანაა". ოპოზიციიდან კი კანდიდატები ასე ნაწილდებიან: 12 ოლქში კანდიდატები "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშიადან" არის, 2-ში - "ევროპული საქართველოდან", 1-ში - "გირჩი", 1-ში - "ლეიბორისტული პარტია", 1-ში - "მოქალაქეები".