ნინო ევგენიძე: აუცილებელია ამერიკის ლიდერობის როლის გაძლიერება საქართველოში

ნინო ევგენიძე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი, ნინო ევგენიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ძალიან დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული და საჭიროა მისი ლიდერობის როლის გაძლიერება:

„აუცილებელია ამერიკის ლიდერობის როლის გაძლიერება იმიტომ, რომ ამერიკას ძალიან დიდი ინვესტიცია აქვს ამ ქვეყანაში ჩადებული სასამართლო რეფორმების განხორციელების თუ ეკონომიკური რეფორმების თუ ჩვენი შიმშილისგან გადარჩენის მიმართულებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისინი ანგარიშვალდებულები არიან თავისი ხალხის წინაშე, თუ სად მოხდა ამ თანხების დაბანდება, რომელსაც მთელი 30 წლის განმავლობაში საქართველოს უწევენ და ისეთი დონის დახმარება აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც არც ერთ ქვეყანას, რომ შეკრიბო, ამხელა დახმარება ჩვენი ქვეყნისთვის არავის ექნება აღმოჩენილი“, - განაცხადა ნინო ევგენიძემ გადაცემაში „დილის საუბრები“, სადაც მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პირადად მან ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მნიშვნელობაზე:

„ჩვენთვის მთავარია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა. ინსტიტუტების არსებობაზე სწორედ ამაზე გავამახვილე ყურადღება, რომ ერთი არაფორმალური მმართველის მიერ დღეს ხელშია ჩაგდებული სასამართლოს ჩათვლით ეს ინსტიტუტები და ის საკითხები, რომლებიც სწორედ სასამართლოში და ასეთ ინსტიტუტებში უნდა ხდებოდეს, ფაქტიურად არის არაფორმალური მმართველის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, იმ ქვეყანაში, სადაც უცხოელ ინვესტორებს, განსაკუთრებით დასავლელ და ამერიკელ ინვესტორებს ისე ექცევიან, როგორც მოექცნენ ანაკლიის პორტის მშენებლობის შემთხვევაში, სხვა გახმაურებული მაგალითებისა და ქეისების შემთხვევაში, ეს არის სიგნალი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური ინვესტორი რუსების ეგრეთ წოდებული ოლიგარქიული ინვესტიციების გარდა ამ ქვეყანაში არავინ არ შემოვა. ეს არის პრობლემა ამ ქვეყნისთვის.

ამიტომაც ვერ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამიტომაც ვერ დავძლიეთ ამდენი წელია სიღარიბე. გასული წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, 2020 წელზე არ მაქვს საერთოდ საუბარი, 2019 წლის ბოლოს 35%-ით იყო შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, რაც არის კატასტროფული მაჩვენებელი. თუ ჩახედავთ მონაცემებს ინვესტიციების სტრუქტურას, თუ საიდან შემოდოდა ინვესტიციები, ინვესტიციების 70% შემოდიოდა 7 ოფშორული ზონიდან, საიდანაც 70 კომპანია დაკავშირებული იყო ერთ ქართველ ოლიგარქთან, რომელიც ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველია. ეს არის პრობლემა ამ ქვეყნის და ამიტომაც ვერ მივიწევთ წინ. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი რაც მინდოდა მეთქვა“, - განაცხადა ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს იმყოფებოდა. იგი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. მაიკ პომპეომ შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც სახელმწიფო მდივანს ესაუბრნენ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და არაფორმალურ მმართველობაზე.