პომპეო წავიდა - არჩევნების ბოიკოტი რჩება

 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დახვედრა თბილისის აეროპორტში, 17 ნოემბერი, 2020 წ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო ისე დატოვა, რომ არ შეხვედრია ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებენ. ასეთი შეხვედრა ვიზიტის დღის წესრიგში არ იყო გათვალისწინებული. თუმცა 18 ნოემბერს, მოულოდნელად გადაწყდა, რომ ოპოზიციას მაიკ პომპეოს თანაშემწე, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასთან და ევრაზიასთან ურთიერთობის ბიუროს ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ რიკერი შეხვდებოდა. მანამდე, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პატრიარქის გარდა, მაიკ პომპეო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სასაუბროდ შეხვდა არასამთავრობო სექტორს. სახელმწიფო დეპარტამენტი სასამართლოს მიმართ უნდობლობას პრობლემად განიხილავს არჩევნების შედეგების საზოგადოების მიერ აღიარების ჭრილშიც.

  • რა ითქვა და რა არ ითქვა არჩევნებზე სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტის ფარგლებში?

დაახლოებით 2 საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მისი თანაშემწე ფილიპ რიკერი შეხვდა. თითქმის 3-საათიანი შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები კვლავაც ერთიანი და უცვლელი პოზიციით გამოვიდნენ - ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, ახალ არჩევნებს ითხოვენ და ელოდებიან კონსტრუქციულ წინადადებებს ხელისუფლებისგან - როდის ჩატარდეს ახალი არჩევნები.

  • „ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, რათა მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და ასევე შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, რაც გამორიცხავს იმ მანიპულაციას და იმ გაყალბებას, რაც გამოვლინდა 31 ოქტომბრის არჩევნებში“ - ბადრი ჯაფარიძე, „ლელო“;
  • „ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და ის არ გაჰყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე, როგორც ევროპის კავშირს, შესანიშნავად ესმის - რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება... ყურადღებით მოისმინეს, რაც ჩვენ ვუთხარით - ფაქტებით დარღვევებზე, ფაქტებით გაყალბებებზე“ - გრიგოლ ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „ჩვენი ამოცანა არ არის ქუჩაში გასვლა, ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში დესტაბილიზება. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. მაგრამ, ჩვენი შეფასებით, იმ ხარისხის დარღვევებმა, რომლებიც დაფიქსირდა არჩევნებზე, შეუძლებელი გახადა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე“ - დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველო“.

ვიდრე ელჩი რიკერი ოპოზიციას შეხვდებოდა, გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების ბრიფინგის ჩანაწერი საერთაშორისო მედიისთვის, რომელიც სახელმწიფო მდივნის დელეგაციას ახლდა თბილისში. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ბრიფინგზე დასმული აქცენტები მაიკ პომპეოს თანაშემწესთან მათი შეხვედრის დროსაც გამოიკვეთა და კერძოდ, ეს ქუჩის პროცესების საპარლამენტო სივრცეში გადატანას შეეხება.

ასევე ნახეთ აშშ საქართველოს ოპოზიციას: გამოიყენეთ არსებული ინსტიტუტები

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში არ არის დაკონკრეტებული ბრიფინგში მონაწილე მაღალჩინოსნების ვინაობა, თუმცა შინაარსის თანახმად, შეხვედრაში სავარაუდოდ მონაწილეობდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც.

ტექსტში აღნიშნულია დარღვევები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთოს მეთვალყურეებმაც აღრიცხეს და აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფმაც დააფიქსირა - იქნება ეს ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ჩანს ისიც, რომ საარჩევნო დარღვევების მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები რადიკალურად განსხვავებულს ვერაფერს ხედავენ იმისგან, რაც საქართველოში ბოლო ათეულობით წლის განმავლობაში ხდებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, რეკომენდაცია ასეთია:

  • ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და იქიდან იბრძოლოს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემის შეცვლაზე, ასევე საარჩევნო გარემოს დახვეწაზე - „და როცა/თუკი იქნება ახალი არჩევნები, თქვენ გექნებათ უფრო სანდო შედეგი, რომელსაც დაუჯერებს ყველა და აღარ წარმოიქმნება ასეთი შეკითხვები“;
  • მოხდეს 20 წლის განმავლობაში შექმნილი ინსტიტუციების გამოყენება, რათა სახელმწიფომ წაიწიოს წინ და რომ ასეთია სახელმწიფო მდივნის გზავნილიც - „გამოიყენეთ თქვენი ინსტიტუციები, განაგრძეთ თქვენი სახელმწიფოს, საზოგადოების მშენებლობა, იფიქრეთ იმაზე - როგორ გაზარდოთ თქვენი უსაფრთხოება და ასევე თქვენი ეკონომიკური კეთილდღეობა“.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ელჩ ფილიპ რიკერის მხრიდან პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა და მას ისიც აუხსნეს, რომ საქართველოში ინსტიტუტების გამოყენების შანსი არ არსებობს.

„შემოთავაზებული იყო - ხომ არ სჯობს, რომ ბრძოლა ინსტიტუტების გამოყენებით გააგრძელოთო... ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს და შესაბამისად, ის, რაც შეიძლება მუშაობდეს განვითარებულ ქვეყანაში - მაგალითად სასამართლო, საარჩევნო კომისია და სხვა, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ამიტომ, ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსო ქმედებაა... თავს ხომ არ მოვიტყუებთ?!“ - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მაიკ პომპეოს თანაშემწესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების განცხადებების თანახმად, საქართველოში საარჩევნო დავების სამართლიანი გადაწყვეტის მიმართ უნდობლობას სასამართლოს სისტემის მიმართ უნდობლობა განაპირობებს და ამ კონტექსტშია განხილული სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო მდივანი ინფორმირებული იყო საქართველოს სასამართლო სისტემაში „გავლენიანი ჯგუფების“, ანუ „სასამართლოს კლანის“ არსებობის შესახებ და მას, მოთხოვნისამებრ, გაუზიარეს კონკრეტული ფაქტები, რაც სასამართლოს პოლიტიზებაზე მეტყველებს.

სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოში ყოფნის დროს, მედიასთან ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია და არც ერთობლივი ბრიფინგები გამართულა.

თუმცა ტვიტერზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლო პოსტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაწერა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს „საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა“ განიხილა და გამოხატა „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის ოკუპაციის პირობებში“.

პომპეოს ეს პოსტი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც მან საქართველო დატოვა.

მანამდე, მსგავსი შინაარსის ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. ტექსტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის" გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი შეეხებოდა "ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებს" და სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა "საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე".

მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შინაარსზე მედიასთან საუბარისას „საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა“ არ უხსენებია მინისტრ ზალკალიანს. სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დაწყებამდე კი ის აცხადებდა, რომ არჩევნების საკითხი და საქართველოში გამწვავებული პოლიტიკური ვითარება საერთოდ არ მიიპყრობდა სტუმრის ყურადღებას.

ზალკალიანმა 18 ნოემბერს აღნიშნა, რომ - აშშ-ს, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოში მიმდინარე პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში დატოვება სურს, მაგრამ პირდაპირ არასდროს ჩაერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში - „მათი სურვილია, რომ საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური, რადგან მხოლოდ სტაბილურ განვითარებას შეუძლია ქვეყანა აქციოს უსაფრთხოდ და გაუჩინოს შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს“.

ის ფაქტი, რომ მაიკ პომპეოს თანაშემწე, ფილიპ რიკერი ოპოზიციასთან აპირებდა საუბარს, რადიო თავისუფლებამ ამ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყო. ამ დროს სახელმწიფო მდივანს უკვე აეროპორტისკენ ჰქონდა გეზი. ზუსტად როდის გადაწყდა და კონკრეტულად რამ განაპირობა ამ შეხვედრის მოულოდნელად დანიშვნა, უცნობია. ჩვენი ინფორმაციით, ელჩი რიკერი დამატებით ერთი დღით დარჩა საქართველოში.საერთაშორისო მედიისთვის გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, რომელსაც სავარაუდოდ ისიც ესწრებოდა. ჟურნალისტებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს გაუზიარეს ოპოზიციის იმედგაცრუება იმით, რომ სახელმწიფო მდივანი მათ არ ხვდებოდა.

ფილიპ რიკერთან შეხვედრას წინ ასევე უსწრებდა ოპოზიციის ერთობლივი განცხადება - სადაც არჩევნების გაყალბებას რეგიონალური გამოწვევების კონტექსტში განიხილავენ. ასევე 18 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში გაიმართა ოპოზიციის აქცია მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით.

  • შესაძლებელია თუ არა ოპოზიცია მაინც შევიდეს პარლამენტში იმის გათვალისწინებით, რომ, მათი განცხადებითვე, დასახვეწია საარჩევნო კანონმდებლობა და შესაცვლელია საარჩევნო ადმინისტრაცია?

ამ ეტაპზე ოპოზიცია ასეთ ალბათობას არც განიხილავს. ოპოზიციური სპექტრი აცხადებს, რომ ელოდება საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მე-3 რაუნდსა და ხელისუფლების კონკრეტულ წინადადებას. ამ დიალოგის ფასილიტატორებს შორისაა აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი. საელჩოს საქმიანობა კი მთლიანად ექვემდებარება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებას ოპოზიციას ის ფაქტიც უმყარებს, რომ არ ისმის არანაირი კომპრომისული წინადადება ხელისუფლების მხრიდან - „ამის მაგივრად, დღეს ისევ მოვისმინეთ, რომ ფეხებს აბაკუნებდა ირაკლი კობახიძე“.

ასევე ნახეთ კობახიძე: მნიშვნელოვანია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე

როდის გაიმართება საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე ოპოზიცია ბურთს ისევ ხელისუფლების მოედანზე ხედავს და მისგან კომპრომისულ წინადადებას ელოდება.