პუტინმა კვლავ ახსენა „საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დანაშაული“ ყარაბაღზე საუბრის დროს

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის არაღიარება მათ შორის სომხეთის მიერ, „არსებით ფაქტორს“ წარმოადგენდა სისხლისმღვრელი კონფლიქტის დროს.

„რაც შეეხება ყარაბაღის აღიარება-არაღიარებას დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ, ეს შეიძლებოდა სხვადასხვანაირად შეგვეფასებინა, მაგრამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ეს იყო არსებითი ფაქტორი, მათ შორის, ვიმედოვნებ, სულ ახლახან დასრულებული, სისხლისმღვრელი კონფლიქტის განმავლობაში. ვინაიდან ყარაბაღის არაღიარების ფაქტი, მათ შორის სომხეთის მხრიდან, თავის განსაკუთრებულ დაღს ასვამდა მოვლენათა მსვლელობას, მის აღქმას“, -განაცხადა პუტინმა ტელეარხ "როსია 24"-ის ეთერში.

ამ კონტექსტში პუტინი შეეხო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საკითხს და კვლავ გაიმეორა, რომ თავის დროზე რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა „საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი მოქმედებების შემდეგ. მხედველობაში მაქვს სამხრეთ ოსეთში მყოფ ჩვენ მშიდობისდამცველებზე თავდასხმა“, - აღნიშნა პუტინმა.

რაც შეეხება ყირიმის ანექსიას, პუტინი აცხადებს, რომ „რუსეთმა სცნო ყირიმში მცხოვრების ხალხის სამართლიანად გამოხატული ნება რუსეთთან შეერთების თაობაზე, ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი ამ ხალხისადმი, ღიად გავაკეთეთ ეს“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

სომეხი სეპარატისტების მიერ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის გარშემო საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან დაიწყო.

სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას.

მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად შეწყდა ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე; აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე; გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსება დაიწყო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა.

ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს ქელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5-კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.