პომპეოს განცხადებით, აშშ ყარაბაღის კონფლიქტის გამო $5 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ-ის საელჩო საქართველოში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებას აქვეყნებს. ის საქართველოს რამდენიმე საათის წინ ესტუმრა.

როგორც პომპეო მიუთითებს, შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას და მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული საგანგებო ვითარების საპასუხოდ ახალი დახმარების შესახებ აცხადებს.

„ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეერთებული შტატები მოუწოდებდა ძალადობის დასრულებისკენ და გმობდა სამხედრო ესკალაციას, რასაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზიარებთ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მწუხარებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

ბოლოდროინდელი ბრძოლის დასასრული მხოლოდ პირველი ნაბიჯია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად, შეთანხმების საფუძველზე გადაჭრისთვის. მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჰელსინკის დასკვნითი აქტით გათვალისწინებული ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თვითგამორკვევისა და ხალხთა თანასწორობის პრინციპების თანახმად, ხელახლა ჩაერთონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი და მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიების პროცესში. შეერთებული შტატები, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კვლავ სრულად ჩართული რჩება ამ ძალისხმევაში", - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ჰუმანიტარულ დახმარებასაც გამოჰყოფს.

„ჩვენი დიპლომატიური ჩართულობის პარალელურად, შეერთებული შტატები $5 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყოფს, რათა მხარი დავუჭიროთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაოს საბრძოლო მოქმდებების შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად. ამ დაფინანსებით, 2019 ფისკალური წლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება $10 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. დაფინანსებაში შედის თითქმის $3.9 მილიონი დოლარის დახმარება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, მოწყვლადი მიგრანტებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და თემებისთვის, რომელიც მათ მასპინძლობს. ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მიაწოდოს საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარება. აშშ-ის მთავრობის ჰუმანიტარული ექსპერტები აგრძელებენ ამ კრიზისის გავლენის შეფასებას. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი არსებული პარტნიორების წვლილს და მოვუწოდებთ სხვა მთავრობებს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას ახალი და მზარდი მხარდაჭერით", - აცხადებს პომპეო.

სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას.

მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად შეწყდა ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე; აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე; გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსება დაიწყო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა.

ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს ქელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5-კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.