კოვიდ-19-ით გარდაიცვალა ახალგორელი ექიმი, რომელიც თბილისში არ გაუშვეს

კოვიდ-19-ით გარდაიცვალა ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი, 68 წლის ექიმი, ონისე გათენაშვილი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისში სამკურნალოდ არ გაუშვა.

ახალგორის საავადმყოფოს ქირურგი, ონისე გათენაშვილი კორონავირუსით ცოტა ხნის წინ დაინფიცირდა. ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იგი თბილისის ნაცვლად ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამის შემდეგ ცხინვალელმა ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ონისე გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა.

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ 68 წლის კაცი კოვიდ-19-ის პირველი მსხვერპლია რეგიონში.

ოკუპირებული დაბა ახალგორი, 1 წელი და 2 თვეა, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაკეტა. იზოლაციაში დარჩენილი პენსიონერებისთვის გზა თბილისისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხსნა. პერიოდულად, მძიმე ავადმყოფები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. დაბის სრულ იზოლაციამდე იქ არც მედიკამენტების დეფიციტი იყო და თბილისიდან შესული წამალი ცხინვალის აფთიაქებშიც ხვდებოდა. გარდა ამისა, ავადმყოფებს თბილისის კლინიკებში ჯანდაცვის სერვისების მიღება დაუბრკოლებლად შეეძლოთ.