სად გვიშვებენ და სად არა პანდემიის გამო

მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების გამო არაერთი ქვეყანა უარს ამბობს უცხოელების შეშვებაზე, განსაკუთრებით - ტურისტების.

გიორგი გავაშელიშვილი 10 ნოემბერს საფრანგეთში საქმეზე, თუმცა სპეციალური მიწვევის გარეშე, ტურისტად წავიდა. პარიზში ჩასვლისას საზღვარი პირბადით, მაგრამ სიცხის გაზომვისა და კითხვების გარეშე გადაკვეთა - მხოლოდ პასპორტი გამომართვესო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან, თუმცა სულ სხვანაირი გამოცდილება ჰქონდა საქართველოში.

„პროცედურები საქართველოში ძალიან რთულად გავიარე - არ მიშვებდნენ, მეუბნებოდნენ, არ აქვთ ფრანგებს ტურისტებისთვის საზღვარი გახსნილიო. ყველა მგზავრს იმდენ კითხვას უსვამენ... არ ვიცი, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი“, - ამბობს ის.

გიორგიმ ერთი დღით გაასწრო რეგულაციებს - 11 ნოემბრიდან საფრანგეთმა ტურისტების მიღება შეწყვიტა.

სექტემბრის დასაწყისში, ჯერ კიდევ როცა საქართველო არაერთი ევროპული სახელმწიფოსთვის უსაფრთხო ქვეყნად, „მწვანე ზონად”, ითვლებოდა, კახა მჭედლიძე შვილთან ერთად უნგრეთში გაფრინდა. ისევე როგორც გიორგის, მასაც მთავარი დაბრკოლებები საქართველოს საზღვარზე შეხვდა.

ბუდაპეშტი

„უნგრეთში პასპორტიც არ შეუმოწმებიათ, არათუ ის საბუთები, რაც წინასწარი მოთხოვნის შესაბამისად უნდა მქონოდა. გერმანიიდან შევედი. აქ კი ყველაფერი გამომკითხეს, რატომ მიდიხართ, რისთვის, საბუთები რა გაქვთ, ბოლოს დამამადლეს, ჩვენ კი შეგიშვებთ, მაგრამ შეიძლება იქ არ შეგიშვანო. - ისეთ შთაბეჭდილება უნდათ დატოვონ, თითქოს აქ უკეთესი სიტუაციაა და მეტად ზრუნავენ ადამიანების ჯანმრთელობაზე, საბოლოოდ კი აბსურდამდე მიდიან. ახლა ტურისტად წასვლა ძალიან რთულია, შეიძლება საქართველოს საზღვრიდან გააბრუნონ ადამიანი. მაგალითად, თურქეთი საქართველოს მოქალაქეებს იღებს, მაგრამ აქედან არ გიშვებენ. უნდა გქონდეს სპეციალური მოწვევა ან რამე სხვა ოფიციალური საბუთი.

ძალიან რისკიანი და თავგადასავლის მოყვარული უნდა იყო, რომ ახლა სცადო ტურისტად წასვლა, შეიძლება ჩვენს სასაზღვრო პუნქტს ვერც გასცდე“.

ვინ არის მზად, რომ საქართველოს მოქალაქეები მიიღოს?

ევროკომისიის მიერ შემუშავებული შუქნიშნის პრინციპის მიხედვით

ქვეყანა “მწვანე ზონად” ითვლება, თუ:

  • 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 25-ს არ აჭარბებს;

  • კოვიდ -19-ზე ჩატარებული ტესტების 4%-ზე მეტს ვირუსი არ დაუდასტურდება.

Წითელი ზონა ითვლება როცა:

  • კოვიდ -19-ზე ჩატარებული ტესტების 4%-ზე, ან უფრო მეტზე, პასუხი დადებითი იქნება;

  • 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 50-ს გადააჭარბებს;ან

  • 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 150-ს გადააჭარბებს;

ყვითელ ზონაა თუ:

  • 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 50-ს არ აჭარბებს;

  • თუ კოვიდ -19-ზე ჩატარებული ტესტების 4%-ს ან უფრო მეტს ვირუსი დაუდასტურდება;

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი ამ ქვეყნებს ჩაკეტილი არ აქვთ, საქართველოდან პირდაპირი ან ჩარტერული რეისით გაფრენა ამ ქვეყნებშიც შეუძლებელია.

თბილისის აეროპორტის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ტურისტულ ფრენებთან დაკავშირებით მოქალაქეები თვითონ ავიაკომპანიას უნდა დაუკავშირდნენ. ნოემბრის თვეში კი დაგეგმილია ფრენები: თურქეთი, ვარშავა, დოჰა, მინსკი, პარიზი, მიუნხენი, ამსტერდამი-ვენა.

ევროპის ქვეყნებში გამგზავრება ძირითადად შესაძლებელია სასწავლო, სამსახურებრივი ან სხვა სპეციალური მიწვევის საშუალებით, ან, თუ მოქალაქე სამკურნალოდ მიდის სხვა ქვეყანაში, აქვს იმ ქვეყნის ბინადრობის უფლება და ა.შ.

მაგალითად, ასეთი ქვეყნებია:

  • პოლონეთი
  • რუმინეთი - დაშვებულია 14-დღიანი კარანტინის პირობით;
  • ჩეხეთი - შესვლა მხოლოდ ბინადრობის უფლების მქონე ან განგრძობითი ვიზის მქონე ქართველებისთვის, PCR ტესტის საფუძველზე;
  • გერმანია - 10 დღე თვითიზოლაცია კერძო ბინაში ან სასტუმროში და იზოლაციის მეხუთე დღეს PCR ტესტი;
  • ავსტრია - დაშვებულია ბიზნესმენების, პროექტში დასაქმებული ხელოვანების, სპორტსმენების, ავსტრიის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების შესვლა, სპეციალური დოკუმენტების საფუძველზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულია ის შეზღუდვები და მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ აქვთ სხვა ქვეყნებს.

თუ უცხო ქვეყნების მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და არატურისტული მიზნით გამგზავრების მსურველი ხართ, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაგეგმილი რეისი შეიძლება ბოლო მომენტში პანდემიის გამო გადაიდოს.

და თუ მაინც ყველაფრი გაითვალისწინეთ, მოემზადეთ, ბილეთები შეიძინეთ, ბარგი ჩაალაგეთ, ყველა საბუთი გაქვთ და აღმოაჩინეთ, რომ თქვენი რეისი კომენდანტის საათის დროს - 22:00-დან დილის 05:00 - საათამდე პერიოდშია, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე - 144 .

რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე კი, აეროპორტამდე მისასვლელად გადაადგილების ერთჯერად ნებართვას მიიღებთ.

ვის უნდოდა ჩვენთან?

სხვა ქვეყანაში გამგზავრების მსურველთა შემცირებასთან ერთად, დიდწილად შემცირდა ჩამომსვლელების რიცხვიც.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის 2020 სექტემბრის მონაცემით, სულ 52 130 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, 2019 წლის სექტემბერში კი მათი რიცხვი 839263 იყო.

შემომსვლელთა ექვსეული კი ასეთია:

ქვეყნების პირველი ექვსეული და ევროკავშირი საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით

უკრაინისთვის საქართველო გახდა „წითელი ზონა“.

„წითელი ზონის“ ქვეყნებიდან დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე ვალდებულია თვითიზოლაცია გაიაროს.

კარანტინს არ ექვემდებარებიან „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასული პირები იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი.

„წითელ ზონაშია“ საქართველო სლოვენიისთვისაც. ასევე გერმანია და ევროკავშირის არაერთი ქვეყანა განიხილავს საქართველოს, როგორც მაღალი რისკის ქვეყანას. შესაბამისად, თუკი წინა თვეს მოგზაურობის შანსები არსებობდა, ახლა ის მინიმუმამდეა დასული.