რუსული სამხედრო ბაზები ყარაბაღსა და კავკასიაში - სად, რამდენი, რა ამოცანით

9 ნოემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმადაც, კონფლიქტის ზონაში 2000 რუსი მშვიდობისმყოფელი განთავსდება. მათი ნაწილი უკვე ჩავიდა სომხეთში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქიდან, მათ შორის საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით. ანალიტიკოსების უმეტესობა თვლის, რომ ახალი რუსული სამხედრო ბაზა კავკასიაში მნიშვნელოვნად აძლიერებს რუსეთის პოზიციებს რეგიონში და აძლევს საშუალებას, გავლენა მოახდინოს როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე. არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ ახალი დანაყოფი რუსეთისთვის ზედმეტ საზრუნავად შეიძლება იქცეს.

რა მნიშვნელობა აქვს რუსულ სამშვიდობო ძალებს და სამხედრო ბაზებს კონფლიქტის რეგიონებში

მეთხუთმეტე სამშვიდობო ბრიგადის (იგივე მოტომსროლელთა ცალკეული ბრიგადა) სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რუსეთიდან მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიით „გადაისროლეს”, 2005 წლის დეკემბრიდან 2008 წლის ნოემბრამდე სამშვიდობო სტატუსით იმყოფებოდნენ აფხაზეთშიც და, დიდი ალბათობით, მონაწილეობდნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ამ დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები 2014 წლიდან უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, მონაწილეობდნენ როგორც ყირიმის ანექსიაში, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში.

რუსული სამხედრო ბაზები ერთიანი ქსელით და სამხედრო მომზადებით, კონფლიქტის ზონებში ეფექტიანი იარაღია ცენტრალურ ხელისუფლებებზე ზეწოლისთვის. რუსული სამშვიდობო ძალები კი იშვიათად თუ ახერხებენ მშვიდობის შენარჩუნებას. მაგალითად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის 2009 წელს შედგენილ ანგარიშში წერია, რომ „ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონი ხშირად აძლევდა შეიარაღებას, აღჭურვილობასა და ტრანსპორტს არარეგულარულ ჯარებს, იყენებდა შერეული სამშვიდობო ძალების პოლიგონებს დე ფაქტო რეჟიმის არარეგულარული ჯარის გასაწვრთნელად”. ამავე ანგარიშის მიხედვით, უშუალოდ ომის დროს „რუსეთის ფედერაციამ საკუთარი „სამშვიდობო” კონტინგენტი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სრულმასშტაბიან მონაწილედ აქცია – ერთი მხრივ, „სამშვიდობოებზე” „თავდასხმის” ფაქტი გამოიყენა აგრესიის დაწყების ერთ-ერთ საბაბად და, მეორე მხრივ, მათი შტაბიდან ხორციელდებოდა შეტევა საქართველოს მოსახლეობაზე“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ამ პოსტზე ყოფნისას დასავლელ პარტნიორებთან საუბრობდა იმაზე, რომ 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ სამხედრო ბაზებში მომსახურეთა რაოდენობა უკვე 10 000-ს აღწევდა და ყოველწლიურად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი სამხედროებისთვის 130-მდე წვრთნა ტარდებოდა.

გუდაუთის რუსული ბაზის სამხედროები, 2018 წლის აგვისტო

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი მასშტაბური სამხედრო ბაზა ფუნქციონირებს, ერთი გუდაუთაში და მეორე ცხინვალსა და ჯავაში. ორივე მათგანი, აფხაზეთში განთავსებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და ცხინვალის რეგიონში მყოფი მე-4 სამხედრო ბაზა, რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის. იქ დისლოცირებულ სამხედრო ძალებს სისტემატურად წვრთნიან და აახლებენ წვევამდელებით.

რუსული სამხედრო ბაზები, გარდა სამხედრო ფუნქციისა, ერთგვარი გამტარებია იმ გზავნილების და ინტერესებისა კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ პირებთან, რაც კრემლიდან მოდის - იქნება ეს იდეოლოგიების გავრცელება, სეპარატიზმის მხარდაჭერა თუ რუსული გავლენების გაძლიერება. მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული სამხედრო დანაყოფების ბოლო პერიოდის საქმიანობას თუ გადავხედავთ, სამხედრო წვრთნების მიღმა, ნათელი გახდება, რა როლს თამაშობენ რუსული სამხედრო სამშვიდობო ძალები კონფლიქტის რეგიონში. აი, მაგალითად:

  • 2020 წლის იანვარში ცხინვალის სამხედრო ბაზაზე 40-ზე მეტი მოსწავლე რუსულ სამხედრო-პატრიოტულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „Юнармия“-ს რიგებში გაწევრიანდა. ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით არის შექმნილი და რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ამ ორგანიზაციაში წევრიანდებიან ბავშვები აფხაზეთშიც - 2020 წლის სექტემბერში, ტანკისტის დღეს 50-ზე მეტი ბავშვი გახდა ამ სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების მქონე გაერთიანების წევრი აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე - საზეიმო ღონისძიებაში რუსი ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ.
  • ცხინვალის რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში 2012 წლიდან ფუნქციონირებს ოსური ბატალიონი, სადაც ოკუპირებული ცხინვალის მოქალაქეებს შეუძლიათ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურონ - ეს ბატალიონი „კვალიციფიური ადგილობრივი სამხედროების სამჭედლოდ” განიხილება. ცხინვალში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბოლო წლებში უფასოდ სწავლების კვოტები გამოყვეს რუსულმა სამხედრო სასწავლებლებმაც - 2020 წლის მონაცემებით მათთვის კარი ღიაა 14 რუსულ სამხედრო სასწავლებელში.
  • 2020 წლის სექტემბერში აფხაზეთში, მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში.
  • 2020 წლის ივნისში აფხაზეთში მყოფმა რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სიმღერებით მსვლელობა მოაწყვეს გუდაუთის სამხედრო ბაზის კუთვნილი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილით. სამხედროები ომისდროინდელ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილები და მსვლელობის დროს სატვირთო ავტომობილიდან ომისდროინდელი სიმღერები ისმოდა. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ასევე რუსი სამხედროების მანქანებით და ძველი სიმღერებით მსვლელობით აღნიშნავდნენ 9 მაისს ოკუპირებულ ცხინვალშიც, სადაც ომისდროინდელი სიმღერები მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ვეტერანთა სახლებთანაც იმღერეს.
  • რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო-პროპაგანდისტული პლატფორმები პერიოდულად წერენ რუსეთის ფედერაციის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული სამხედრო ბაზების შენახვისთვის გადახდილ სოლიდურ თანხებზე და იმ შესაძლებლობებსა და აღჭურვილობებზე, რაც ამ ბაზებს აქვს. პროპაგანდისტული ნარატივის ნაწილია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული სამხედრო ძალების შესახებ მონაცემებიც.

„აფხაზეთის ჯარის გეგმური სამწლიანი მოდერნიზაციისთვის 2015 წელს რუსეთმა 5 მილიარდი რუბლი (73,5 მილიონი დოლარი) გამოყო. სამხრეთ ოსეთისთვის 2008-2018 წლებში რუსეთის ფინანსური დახმარების მოცულობამ 60 მილიარდი რუბლი (880 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგინა. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია მეგობარი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და რუსეთის სამხრეთ საზღვრების გაძლიერებაზე“, - ასე დათვალა ფინანსური დახმარება sputnik-ossetia-მ.

„აფხაზეთში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზა ფლობს თანამედროვე აღჭურვილობას: Т-90 და Т-72Б3 კატეგორიის ტანკებს, БТР-82АМ კატეგორიის ჯავშანტექნიკის მატარებლებს, 152-მმ თვითმავალ ჰაუბიცებს 2С3 „Акация“, 300 მმ-იან ცეცხლსასროლ რეაქტიულ მძიმე ტექნიკას საზენიტო სარაკეტო კომპლექსით. რა თქმა უნდა, ეს სია ყველა არსებულ შესაძლებლობას არ ასახავს, რადგან მე-7 სამხედრო ბაზას და აფხაზეთის ჯარს რუსეთისგან ნებისმიერი იარაღის მიღება შეუძლია“, - ეს არის ნაწყვეტი sputnik-abkhazia-ს 2019 წლის სტატიიდან აფხაზური არმიის მოდერნიზაციის შესახებ.

კონფლიქტის რეგიონებში არსებული რუსული სამხედრო ძალები იქ მცხოვრებ ადამიანებს უჩენენ შთაბეჭდილებას, რომ მათ უსაფრთხოებაზე რუსული სამხედრო ძალები ზრუნავს - თუმცა იმ დროს, როცა ვითარება იძაბება, თვით სამშვიდობო ძალებიც კი ივიწყებენ თავიანთ ფუნქციას და მარტივად იქცევიან ომში მხარედ. მაგალითად, ასე მოხდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, სადაც შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის, მარატ კულახმეტოვის აღიარებით, რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთის რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებას ქართული შეიარაღებული ძალების პოზიციების კოორდინატებს აძლევდნენ. ეს ფაქტი კულახმეტოვმა თავად დაუდასტურა ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურს, მამუკა ყურაშვილს ომის დროს სატელეფონო საუბრისას. მარატ კულახმეტოვი 2008 წლის ომის შემდეგ მალევე ედუარდ კოკოითიმ და ვლადიმერ პუტინმა დააჯილდოვეს „მშვიდობის სადარაჯოზე გაწეული სამსახურისთვის” და „მეგობრობის” ჯილდოთი. მოგვიანებით ის რუსეთის ელჩი გახდა დე ფაქტო ცხინვალის რეგიონში.

GEORGIA - Russian peacekeepers appear in Tskhinvali, South Ossetia, August 12, 2008 რუსი მშვიდობისმყოფელები ცხინვალში, 2008 წლის 12 აგვისტო

რუსული სამხედრო ბაზები ე.წ. გაყინული კონფლიქტების რეგიონებში

პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთი თითქმის ყოველთვის მსგავსი სცენარით იქცევა - ხელს უწყობს კონფლიქტის გაღვივებას, ირიბად ერევა სამხედრო მოქმედებებში და როცა ომი მთავრდება, ცდილობს თავისი სამხედრო დანაყოფების შეყვანას და სამხედრო ბაზების მოწყობას. ასე ჩამოყალიბდა სხვადასხვა წლებში საქართველოს ორ და უკრაინის სამ რეგიონში, მოლდოვასა და სომხეთში რუსული სამხედრო ბაზები, სადაც ათასობით რუსი ჯარისკაცი და ასეულობით მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

დნესტრისპირეთში, ყირიმში, დონეცკსა და ლუგანსკში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებს ახლა უკვე მთიან ყარაბაღში განლაგებული სამშვიდობო ნაწილები ემატება.

9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რუსეთი მთიან ყარაბაღში უკვე ანთავსებს სამშვიდობო კონტინგენტს და გზავნის 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას. პროცესი დაწყებულია.

მხარეებს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად განთავსდება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე კონტროლის მიზნით 5 წლის ვადით და ავტომატურად 5-5 წლით გაგრძელებული პერიოდით, თუ რომელიმე მხარე უარს არ განაცხადებს ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე;

სამშვიდობო ოპერაციების სარდლობის შტაბი ბინას დაიდებს სტეფანაკერტში.

„სომხეთს ამ ომამდე ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ მას თვითონ შეეძლო მთიანი ყარაბაღის დაცვა, ამ ომმა ეს შთაბეჭდილება დაასრულა. აზერბაიჯანმა ტერიტორიის ნაწილი საომარი მოქმედებებით მიიღო, ნაწილს კიდევ მიიღებს ომის გარეშე, შეთანხმების საფუძველზე სომხეთისგან და ამ ადგილების დაცვა სომხეთს აღარ შეეძლება დამოუკიდებლად - ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩენილი სომეხი მოსახლეობა მხოლოდ რუსი სამშვიდობოების დაცვის იმედად შეიძლება იყვნენ. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას სულ ეცოდინება, რომ რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში იქ მყოფმა რუსმა ჯარისკაცებმა შეიძლება მის წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება და ამის გამო აზერბაიჯანს უფრო მეტად მოუწევს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა”, - ამბობს დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი.

რუსეთის სამხედრო ძალები კონფლიქტურ რეგიონებში, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, მასშტაბით და დაკომპლექტებით შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ყველგან კონფლიქტის მხარეებსა და პოლიტიკურ ელიტებზე ზემოქმედების ინსტრუმენტია.

რუსი სამშვიდოებოების ტექნიკა ქალაქ შუშასთან, 12 ნოემბერი, 2020 წელი

10 ნოემბრის შეთანხმების თანახმად, მთიან ყარაბაღში არა მხოლოდ რუსი სამშვიდობოები შევლენ, იცვლება ტერიტორიული გადანაწილებაც - მკვეთრად სომხეთის საზიანოდ. აზერბაიჯანის მხარეს რჩება სადავო ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც ომის დროს მოექცა მისი კონტროლის ქვეშ, სომხეთმა მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქელბაჯარის რეგიონი, პირველ დეკემბრამდე კი - ლაჩინის რეგიონი. ქელბაჯარის რეგიონში რუსი სამშვიდობოები 13 ნოემბერს გამოჩნდნენ - ეს მათი პატრულირების ზონა არ არის.

ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად ეთნიკურად სომხები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან მთიან ყარაბაღში, ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში შეუძლებელია შეთანხმების მიხედვით ტერიტორიების გადაცემა და პრობლემად რჩება გზების საკითხი, რომელთაგან ერთი, შუშის გავლით, ფუნქციონირებას წყვეტს, ლაჩინის დერეფნის საკითხი კი, მის ალტერნატივად, ჯერ ღია არ არის. ლიკა ზაკარიანი, CivilNet-ის ჟურნალისტი, 10 ნოემბერს ფეისბუკში წერდა, რომ ომის 45-ე და „მშვიდობის” პირველ დღეს მას არ აქვს პასუხი კითხვებზე, ვინ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ან სად უნდა იცხოვროს.

მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობის ნაწილი უკვე მიემართება ერევნისკენ ქელბაჯარის გავლით. მათი მხოლოდ ნაწილი იტოვებს იმედს, რომ სომხეთი ტერიტორიებზე დაკარგულ კონტროლს დაიბრუნებს.

Your browser doesn’t support HTML5

მთიან ყარაბაღს მასობრივად ტოვებენ სომხები

ამ დრომდე არ არის მკაფიო თურქეთის როლი სამშვიდობო მისიაში. დოკუმენტში, რომელსაც 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ლაპარაკია კონფლიქტის ზონაში მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებაზე, თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის ოფიციალური პირები ლაპარაკობენ მშვიდობის უზრუნველყოფის მისიაში თურქეთის მონაწილეობაზეც.

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვის პოზიციით მთიან ყარაბაღში მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალები უნდა იყვნენ განთავსებულები. მან 12 ნოემბერს აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში თურქეთის სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებისთვის საჭიროა როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის თანხმობა. პოზიციას ამყარებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადება, რომლის თანახმადაც თურქეთის სამხედროებს არ შეეძლებათ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შესვლა.

ასევე ნახეთ ყარაბაღის ომი დასრულდა, კონფლიქტი - არა: თამაში მსაჯის სასარგებლოდ, როცა მსაჯი რუსეთია