ოპოზიციური პარტიები ისევ ერთიანი ფრონტით განაგრძობენ ახალი არჩევნების მოთხოვნას და აქციებისთვის მზადებას. ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით 12 ნოემბერს ხელისუფლებასთან გამართულ დიალოგს ჯერჯერობით სხვა შედეგი არ მოუტანია, გარდა თანხმობისა, რომ მხარეები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის ოპონენტების მიერ წამოჭრილი საკითხები გადამოწმდეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ხელისუფლებამ ოპოზიციას ბიულეტენების ხელახალი „ნაწილობრივი გადათვლა“ შესთავაზა.
რა შეიძლება მოიტანოს „ნაწილობრივმა გადათვლამ“, როცა ცესკო უკვე არჩევნების შედეგებს აჯამებს, ხოლო გასაჩივრების მექანიზმმა ეჭვები ვერ გაფანტა?
წითელი ხაზი ხელახალი არჩევნების მოთხოვნაა და ეს არის ის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციური პარტიები კომპრომისს გამორიცხავენ. განურჩევლად იმისა, (ცესკოს მონაცემების მიხედვით) გადალახეს თუ არა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი, ყველა ოპოზიციური პარტია ერთ აზრზეა - უნდა გაბათილდეს 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგები და ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში უნდა გაიმართოს.
ოპოზიციონერი ლიდერები ფიქრობენ, რომ ეს კარგად გააგებინეს „ქართულ ოცნებასაც“ 12 ნოემბერს, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში გაიმართა. ოპოზიცია ხელისუფლების პასუხს ელოდება. ისინი ამბობენ, რომ ბურთი ახლა ხელისუფლების მოედანზეა.
- „ქართულმა ოცნებამ“ ჩაინიშნა ყველა ის შენიშვნა, რომლებიც ოპოზიციურმა პარტიებმა გამოთქვეს და აიღო გარკვეული ვადა იმისთვის, რომ დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას... დღეს სიტუაცია ჩიხურად გამოიყურება, ვიდრე ჩვენ არ გვეცოდინებამ რით დაბრუნდება „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების მაგიდასთან“ - ვახტანგ მეგრელიშვილი, „გირჩი“;
- „ის, ვინც მოლაპარაკებების მაგიდასთან მიდის კომპრომისის დაშვების გარეშე, რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანაზეა ორიენტირებული. მაგრამ არის წითელი ხაზებიც და ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი მოთხოვნა - ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი ადმინისტრაციის პირობებში“ - საბა ბუაძე, „ლელო“;
- „ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო მოთხოვნები და ეს მკაფიო მოთხოვნები გულისხმობს ახალ არჩევნებს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვადებზე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებზე, მაგრამ არსებითი არის ის, რომ ამ გაყალბებულ არჩევნებს არ იღებს საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია... თუ მივაღწევთ არჩევნებს, ღია კარის მტვრევას არავინ აპირებს“ - გიგი უგულავა, „ევროპული საქართველო“.
ხელისუფლებისგან პასუხის მოლოდინის პარალელურად, 13 ნოემბერსაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მზადება 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის. დეტალები ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელოს“ ოფისში შეათანხმეს. ითქვა, რომ აქციის მონაწილეები რეგიონებიდანაც ჩამოვლენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ „ეს იქნება მასშტაბური, დიდი აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური პარტია და ლიდერი“ და ეს იქნება კიდევ ერთი შეხსენება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვლისთვის, რომ „არავინ აპირებს იმ შედეგებთან შეგუებას, რომელიც ცესკომ დაუწერა მათ“.
საპროტესტო აქციები მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება, აცხადებს ოპოზიცია. თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი განსხვავებული ფორმატის აქცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ის საქართველოში 17 ნოემბერს, ორი დღით ჩამოდის. ოპოზიციურ პარტიებს უნდათ, რომ ეს იყოს უხმაურო აქცია, რომლითაც ქუჩაში გამოსული ხალხი, ერთი მხრივ, მიესალმება სახელმწიფო მდივანს და, მეორე მხრივ - დაანახვებს მას თავის მშვიდ პროტესტს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიმართ.
ასევე ნახეთ პომპეოს ვიზიტი არჩევნების შედეგების ბოიკოტის ფონზე - ვინ რას ელის აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან?თუკი მანამდე ხელისუფლება ოპოზიციას 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ძირითადად უპირობო აღიარებას სთხოვდა და საკითხის გადახედვას გამორიცხავდა, მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დროში დაემთხვა ხელისუფალთა ტონის თანდათანობითი შერბილება; ხოლო 12 ნოემბერს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ყველა საკითხის „გადამოწმებაზე“ დაიწყო ლაპარაკი.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი - არჩილ თალაკვაძე შეხვედრაზე მარტო იყო იმ 8 ოპოზიციური პარტიის/ბლოკის ლიდერების პირისპირ, რომლებიც არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. აღიარეთო - არჩილ თალაკვაძეს 12 ნოემბერს მათთვის აღარ უთქვამს.
„ასეთი აზრი ბატონ არჩილს (თალაკვაძეს) ნამდვილად არ უთქვამს, რადგან ის გამოუცდელი პოლიტიკოსი არ გახლავთ და კარგად იცის, რომ ამ (არჩევნების) შედეგების აღიარება ისევე გამორიცხულია, როგორც საკუთარი ყურების უსარკოდ ნახვა“, - თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელიც 12 ნოემბერს, დიალოგის პირველი რაუნდიდან სხვებზე ადრე გამოვიდა.
ხოლო შემდეგ, თითქმის 4-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ თქვა:
- „ჩვენი პასუხი და ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, ყველა ის კითხვა, რომელიც იყო ოპოზიციის მხრიდან დასმული და ჩვენს საზოგადოებას აქვს ამაზე ინფორმაცია“;
- „ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია, როდესაც ყველა, საბოლოო ჯამში, პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც ეს კონსტიტუციასა და კანონშია გაწერილი“;
- „ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რაც მთავარია - კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს ... მე მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“.
ასევე ნახეთ გივი მიქანაძე: ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქის ხმა იყოს დაფიქსირებული და დაცული ბოლომდე
რას გულისხმობს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვებისა და საკითხების გადამოწმებაში?
რადიო თავისუფლების ამ შეკითხვას არჩილ თალაკვაძემ თავი აარიდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით კი, შეხვედრაზე მან ოპონენტებს საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა შესთავაზა, მაგრამ არა სრული, არამედ - ნაწილობრივი. ოპოზიცია გადათვლას, თუნდაც - სრულს, მიუღებლად მიიჩნევს.
- ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სისტემამ ჯერ საოლქო კომისიების დონეზე, ხოლო შემდეგ სასამართლოების დონეზე უკვე დაბლოკა საარჩევნო უბნების გადათვლის შესაძლებლობები და ამ მატარებელმა ისედაც უკვე ჩაიარა;
- თუმცა ასევე, ოპოზიცია ლაპარაკობს გაყალბების ისეთ მექანიზმებზე, მაგალითად ამომრჩევლების ნების კონტროლსა და ე.წ. სომხურ კარუსელზე, როდესაც გადათვლა რეალურ სურათს ვერ დაადგენს და არაეფექტიანი იქნება.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების დიდი წინააღმდეგობისა და საოლქო კომისიების ოქმებთან დაკავშირებული საჩივრების მიუხედავად, ცესკო უკვე არჩევნების შედეგების შეჯამების ეტაპზე გადავიდა. სრულად ამოწურული არ არის გასაჩივრების პროცესისთვის გამოყოფილი სრული 18-დღიანი ვადა და არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ცესკო ყველა პროცედურას უნდა დალოდებოდა, ეუბნება რადიო თავისუფლებას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელი, ნინო რიჟამაძე.
- ცესკოში დღეს დანიშნული სხდომის განრიგში პირველ საკითხად იყო ცესკოში „ევროპული საქართველოს“, „ერთიანი საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“, „პატრიოტთა ალიანსის“, „სამართლიანობისთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ 12 ნოემბერს შემოტანილი საჩივრების საკითხი;
- ხოლო სხდომის საკითხებად დასახელებული იყო ასევე - საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება.
საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოში - საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით სასამართლო დავები უკვე დაასრულდა და მესამე სექტორი ამ პროცესმა იმედგაცრუებული დატოვა.
როგორც ISFED-ის წარმომადგენელმა, ნინო რიჟამაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ორგანიზაციის 162 უბანთან დაკავშირებული პრეტენზიები, საბოლოოდ, საოლქო კომისიებისა და სასამართლოს დონეზე, მხოლოდ 14 უბნის ხელახალი (ზოგ შემთხვევაში - არასრული) გადათვლით დასრულდა და მართალია, ათეულობით „დაკარგული ხმა“ იქნა ნაპოვნი, მაგრამ - „ეს ცოტაა, რადგან დანარჩენ უბნებთან დაკავშირებით, სადაც ბიულეტენების როგორც მეტობა, ასევე ნაკლებობა აღინიშნებოდა, ეჭვები ისევ რჩება და არც საოლქო კომისიებში და არც სასამართლოში - არაფერი გაკეთდა ამ ეჭვების გასაფანტად“.
ასევე ნახეთ ISFED-ი სარჩელების განხილვის შედეგებზე: სასამართლოებმა ვერ გაიაზრეს თავიანთი როლიარჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო საოლქო კომისიების ოქმებზე დაყრდნობით აჯამებს. მისი საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება კვლავაც შესაძლებელია სასამართლოში და ამისთვის, მთლიანობაში, 3-დღიანი ვადა არსებობს; მაგრამ ნინო რიჟამაძის თქმით - გასაჩივრება შესაძლებელია უკვე მხოლოდ ტექნიკური ხასიათის დეტალებთან დაკავშირებით და არა შინაარსობრივ მხარეზე.
ოპოზიციას სჯერა, რომ ახლო მომავალში ახალ არჩევნებს მიიღებს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, 13 ნოემბერს, ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გაახმოვანა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ - შესაძლებელია არჩევნები იყოს როგორც ხელახალი, ასევე - სწრაფი ვადამდელი. პირველის შემთხვევაში - 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს, ხოლო მეორის შემთხვევაში, პარლამენტი მუშაობას ოპოზიციის გარეშე დაიწყებს და ამის შემდეგ, სწრაფად დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.
„გვინდა დიალოგით განმუხტვა ამ კრიზისის... მაგრამ განმუხტვა ყველა შემთხვევაში მოიცავს ახალ არჩევნებს... რა სტატუსის ახალი არჩევნები იქნება - ხელახალი არჩევნები თუ სწრაფი ვადამდელი არჩევნები - პირადად მე მანდ ვხედავ მხოლოდ კომპრომისის სივრცეს... არ არის ეს უმნიშვნელო საკითხი - იქნება ეს ხელახალი არჩევნები - ანუ ეს არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდება თუ უბრალოდ სწრაფი ვადამდელი არჩევნები იქნება - ეს არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან“.