გივი მიქანაძე: ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქის ხმა იყოს დაფიქსირებული და დაცული ბოლომდე

გივი მიქანაძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ფორმატში „ქართული ოცნება“ მზადაა განიხილოს ოპონენტების მიერ დაყენებული ნებისმიერი საკითხი. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ მმართველი პარტია პროცესს კონსტრუქციულად, სრული ჩართულობით გაჰყვება:

„ჩვენი მთავარი მიზანი და ამომავალი წერტილი არის, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ქვეყნის საკეთილდღეოდ და თითოეული ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ წარმართული. აუცილებლად თუკი რამე იქნება ისეთი ნაბიჯი გადასადგმელი, როდესაც არის სწორი მიმართულებით გაცხადებული კონკრეტული პოზიცია, ჩვენ ამას განვიხილავთ, გავიზიარებთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს ვიღაცის ახირებული მიდგომა, რომ მე მოვიგე და თქვენ წააგეთ. არა, ეს უნდა იყოს არგუმენტირებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია თითოეული მოქალაქის ხმა აუცილებლად დაფიქსირებული და დაცული იყოს ბოლომდე.

„ჩვენი ამომავალი პრინციპი არის რომ თითოეული მოქალაქის უფლება იქნეს დაცული და მის მიერ გამოხატული არჩევანი იქნეს დაცული. ამ პრინციპს არ გადავალთ იმიტომ, რომ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენი თითოეული მოქალაქის წინაშე. არა მარტო მათ წინაშე, ვინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და უმრავლესობის მანდატი მისცა მესამე ვადით, არამედ იმ ადამიანების წინაშე, რომელთაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პროპორციით მხარი დაუჭირეს ოპოზიციის 8 პარტიას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ კითხვაზე, არის თუ არა დიალოგის პროცესში კომპრომისისთვის მზად „ქართული ოცნება“.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. დიალოგი რამდენიმე საათს გაგრძელდა და მას ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით მოითხოვდა ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

12 ნოემბერს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის მეორე რაუნდის უახლოეს დღეებში ჩატარების შესახებ.