ხაშურის მერიის ოფიციალურ გვერდის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის ამ ნაბიჯს პირადი მიზეზით ხსნის.
„მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ. სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ვტოვებ ხაშურის მერის თანამდებობას, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე სწორი და დროული ნაბიჯია. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს - ჩემს ხაშურელებს გამოჩენილი ნდობისთვის, ასევე, ჩემს თანამშრომლებს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე. დარწმუნებული ვარ, ისინი ახლა უკვე ჩემს გარეშე განაგრძობენ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ზრუნვას. ამასთანავე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ რა თქმა უნდა, ვრჩები „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრად და ვაგრძელებ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან როგორც საქმიან, ისე მეგობრულ ურთიერთობას. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, სწორედ „ქართული ოცნება" იქნება მმართველი ძალა მომავალი 4 წლის განმავლობაშიც!" - წერია გიორგი გურასპაშვილის განცხადებაში.
ხაშურის მერიის პრესსამსახურმა გურასპაშვილის თანამდებობიდან გადადგომა დაადასტურა. თანამდებობიდან გიორგი გურასპაშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 1 ნოემბრიდან ვრცელდებოდა. სწორედ ამ დროს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ზაალ დუგლაძემ ხაშურში არჩევნები პირველივე ტურში ვერ მოიგო. გავრცელებული ინფორმაციით, ზაალ დუგლაძემ წაგება ხაშურის მერს დააბრალა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა მაშინ მხარეები ამას არ ადასტურებდნენ.