სოციალურად დაუცველს, რომელიც პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა, გასაჩივრებაში ადვოკატი უფასოდ ეხმარება

სოციალურად დაუცველს, მამუკა დიაკონიძეს, რომელიც 9 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ადვოკატი, სალომე კუბლაშვილი უფასოდ დაეხმარება ჯარიმის გაუქმებაში. მაშინ, როცა რადიო თავისუფლებამ დიაკონიძეს დაურეკა, ის თავის ადვოკატთან ერთად იყო.

ადვოკატი ამბობს, რომ სარჩელი უკვე მზად არის და საქალაქო სასამართლოში მიაქვს. მისი თქმით, რამდენიმე გარემოება არსებობს, რის გამოც მათი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა დაკმაყოფილდეს.

"როცა პატრულის თანამშრომელი ამბობს, რომ ეს იყო კომენდანტის წესების დარღვევა, ყველამ კარგად ვიცით, რომ [კომენდანტის საათის დასაწესებლად] აუცილებელია საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, რაც არ ყოფილა. [მთავრობა დადგენილება არაკონსტიტუციურია, რადგან] მთავრობა პარლამენტის უფლებამოსილებაში შეიჭრა", - თქვა ადვოკატმა და დიაკონიძემ დაამატა: "მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ და სოციალურად დაუცველი, ქუჩაში ვარ და ვმათხოვრობ, ვერ მოვედი სახლამდე და დამაჯარიმეს".

კუბლაშვილი გეგმავს, რომ სასამართლო პროცესი მოიგოს და აგროვებული 3000 ათას ლარზე მეტი დიაკონიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოახმაროს - დაეხმაროს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაში და დაიგეგმოს ოპერაცია:

"ძალიან გვიჭირს იმის თქმა, რა თანხაა საჭირო ოპერაციისთვის. ჯერ ის ექიმმა უნდა ნახოს. შემდეგ გვეცოდინება, რა ოპერაციაა საჭირო და რა თანხაზე იქნება საუბარი".

მამუკა დიაკონიძე პატრულმა ქუჩაში მოძრაობის აკრძალვის პირველივე ღამეს დააჯარიმა. როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვებოდა, პატრულს უთხრა, რომ არ შეეძლო სახლში წასვლა, სოციალურად დაუცველი იყო და მისთვის არ გამოეწერათ ჯარიმა, თუმცა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს.