სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას თბილისში მაიკ პომპეოს ვიზიტზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ეწვევა საფრანგეთსა და თურქეთში ვიზიტების შემდეგ.13-23 ნოემბერს მაიკ პომპეო სულ შვიდ ქვეყანას ესტუმრება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური შეტყობინებით, პომპეო თბილისში შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაიკ პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოდან ისრაელში გაემგზავრება, შემდეგ კი ტურნეს გააგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროში, კატარსა და საუდის არაბეთში.