სომხეთის ოპოზიციური პარტიების საბჭო 11 ნოემბერს ანტისამთავრობო აქციას გამართავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას რუსეთსა და აზერბაიჯანთან ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც არმია მისგან გამუდმებით მოითხოვდა ზავის დადებას.
ამ განცხადების ფონია სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები, რომლის მონაწილეები და ასევე სომხეთის ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი კაპიტულანტური ხელმოწერის გამო ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის მთელი შემადგენლობის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.


„არმია ამბობდა, რომ საჭიროა გაჩერება, რადგან გვაქვს გარკვეული პრობლემები, რომელთა გადაჭრის პერსპექტივა ან არ ჩანს, ან მისი გადაჭრის რესურსი ამოწურულია. იყო ფაქტები, როდესაც კონკრეტული სამხედრო ნაწილი, პოლკი ვერ იქნა გადასროლილი ბრძოლის ველზე, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა გამშვებ პუნქტთან მოგროვდა, წინ გადაეღობა სამხედრო მანქანებს და არ მისცა ჯარისკაცებს სამხედრო ნაწილის ტერიტორიის დატოვების უფლება. ათობით ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ამას ჰქონდა ძალიან სერიოზული და ძალიან მძიმე შედეგი, რამაც ბრძოლის ველზე იჩინა თავი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 10 ნოემბერს ფეისბუკით გავრცელებულ მიმართვაში.


17-მა ოპოზიციურმა პარტიამ ჯერ კიდევ 9 ნოემბერს მიიღო ერთობლივი განცხადება მთავრობის გადაყენების მოთხოვნით მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიასთან განცდილი მარცხის გამო.


სხვა პარტიებს შორის, ამ მიმართვას ხელს აწერენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „აყვავებული სომხეთი“, რესპუბლიკური პარტია, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტუნი“ და „ჰაერენიკი“.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, მიუხედავად კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობისა, ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 11 ნოემბერს ერევანში დიდი ანტისამთავრობო მიტინგი გაიმართება.