ნანუკა ჟორჟოლიანი: თუ ვაშაძე დარჩება თავმჯდომარედ, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი წინაღმდეგია, ამ პარტიის თავმჯდომარე კვლავ გრიგოლ ვაშაძე იყოს. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა მას შემდეგ დაწერა ფეისბუკზე, რაც ვაშაძემ თქვა, რომ "ქუჩა საკანონმდებლო ორგანოთი" უნდა ჩანაცვლებულიყო.

"რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!" - წერს ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანის ამ კომენტარს წინ უსწრებდა გრიგოლ ვაშაძის განცხადება. ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ეს მათთან შეთანხმებული პოზიცია არ არის. "ევროპულ საქართველოში" კი "ნაციონალური მოძრაობისგან" განმარტებებს ელოდებიან.