ირაკლი კობახიძე: ულტიმატუმებზე ოპოზიცია მკაცრ პასუხს მიიღებს

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია მის მიერ დაყენებულ ულტიმატუმებზე მკაცრ პასუხს მიიღებს როგორც საზოგადოებისაგან, ისე საერთაშორისო პარტნიორებისაგან.

„ყველა საერთაშორისო პარტნიორი მათ მოუწოდებთ დიალოგისკენ, კონსულტაციებისკენ. მათი პასუხი არის ულტიმატუმი. ბუნებრივია, ისინი მკაცრ პასუხს მიიღებენ ასეთ ულტიმატუმებზე ყველასგან, მათ შორის ქართული საზოგადოებისგან და ასევე საერთაშორისო პარტნიორებისგან. ბუნებრივია, მათ არა აქვთ არავითარი უფლება, საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ელაპარაკონ ულტიმატუმის ენით. ამას მათ, ბუნებრივია, არავინ არ გაუტარებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ეუთო-ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, არასწორია, ოპოზიციის მხრიდან დიალოგის პირობად დასახელდეს ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან თანამშრომლობის წინაპირობად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების პატივისცემას ასახელებს.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.