სახალხო დამცველის განცხადებით, კანონით არ იკრძალება შეკრება-მანიფესტაციის უფლება

გამოხატვის თავისუფლებისა და საკარანტინო ღონისძიებების მოქმედებების თაობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი აქვეყნებს სპეციალური განცხადებას. ომბუდსმენის განმარტებით, 9 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 22:00-05:00 საათებში გადაადგილება სხვადასხვა ქალაქების ტერიტორიაზე. პარალელურად, 9 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, სადაც ადამიანები აპროტესტებენ ამ შეზღუდვას და საარჩევნო დარღვევებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხს და ამ კუთხით ეფექტიანი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების მიღების აუცილებლობას, რათა ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული.

თუმცა ომბუდსმენი განმარტავს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მისი განცხადებით, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტიანობა და მიზანშეწონილობა. მისიო აზრით, სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებას.

ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს მანიფესტანტებს, შეკრებისას დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

„სირცხვილია“-ს აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე თქვა, რომ არ დაემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს და დილის 05:00 საათამდე დარჩებიან პარლამენტის წინ. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთან რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები.