ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა პარტიის ოფისში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებლი დემონტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. მისი განმარტებით, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენებაზე აქციის მონაწილეები არ გააფრთხილეს იმის გამო, რომ მათგან მყისიერი საფრთხე მოდიოდა და აუცილებელი იყო ასევე მყისიერი ზემოქმედება.
"რატომ არ გააფრთხილეს წინასწარ ის ადამიანები, წყლის ჭავლის გამოყენებაზე, რომლებიც ქვებს ესროდნენ პოლიციელებს, ასეთ დროს არც ერთ მსოფლიოში, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება არც ესწრება და ვერც ხდება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ და შემდეგ მოქმედებას. გაფრთხილება ხდება მაშინ, როცა არის დაშლის წინაპირობა, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის. ამ შემთხვევაში უნდა გააფრთხილო, თავდასხმის დროს გაფრთხილება არ ხდება." - ასე განმარტა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად წყლის ჭავლის გამოყენება. მისივე თქმით, "ადამიანურად ძალის გამოყენება არავის სიამოვნებს" და ხელისუფლება ამ ძალას მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა ამის საჭიროება არსებობს.
"აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, კოვიდ ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხატათ. მათ სცადეს, ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან. როგორც ჩანს, მათ არ მოწონთ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები, დამატებით სასამართლოს დავალებით, თუ არ ვცდები, მიმდინარეობს ათამდე უბანზე ამ ბიულეტენების გადათვლა, ჯერჯერობით ამ გადათვლის შედეგად, რამე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არათუ გაყალბების რაიმე ფაქტი.
ვუერთდებით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებას და ჩვენც, კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან რეგულაციები , ასევე არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს. " - თქვა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს, განმარტავს, რომ პოლიცია იძულების ღონისძიებებს იყენებს საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად პროპორციულად და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ამავე კანონის მიხედვით, „წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად“.
წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად დაზიანებებსა და რისკებზე გაფრთხილებებს შეიცავს ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის მიერ გამოცემული გზამკვლევიც, სადაც ნათქვამია, რომ წყლის ჭავლის გამოყენებამდე კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული კონტექსტუალური ფაქტორები, განსაკუთრებით, ცივ ამინდსა და ისეთ ადგილებში, სადაც ხალხის გაფანტვა შეიძლება არ იყოს უსაფრთხო.
ამავე გზამკვლევის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას შეიძლება ადამიანს დაუზიანდეს თვალი ან, მეორეულად, დაცემის და მიხეთქებისას მიიღოს თავის ტვინის დაზიანებები, სისხლჩაქცევები ან ნეკნის მოტეხილობები, წყლის ჭავლის არაპროპორციული გამოყენება შეიცავს დისკრიმინაციული მოპყრობის ან კოლექტიური დასჯის იარაღად ქცევის რისკებს.
საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ცესკოს შენობასთან წყლის გამოყენებას არაპროპორციული ძალის გამოყენებად მიიჩნევს, ყოფილი ომბუდსმენი, უჩა ნანუაშვილი კი ამბობს, რომ რაც ცესკოსთან ხდება, დანაშაულია.
პოლიციის ქმედებებს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად აფასებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც.