ირაკლი კობახიძე: დღევანდელი აქცია კოვიდის გავრცელების საფრთხეა. ოპოზიციის უმეტესობა მაინც შევა პარლამენტში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე პრესკონფერენციაზე 8 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს შეკრება ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მას კორონავირუსის გავრცელების რისკი ახლავს თან.

„მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება. სამწუხაროდ, ახლა იგივეს აპირებენ თბილისში და სხვა რაიონებში, რაც ამ პოლიტიკური ძალის სახის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, ოპოზიცია 12 ათასი ადამიანის შეკრებას გეგმავს, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენო.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე თქვა, რომ დაგეგმილ აქციას არა აქვს კავშირი 22:00 საათიდან ქუჩაში გასვლის აკრძალვასთან, რაც 9 ნოემბრიდან შედის ძალაში. „მათ დღის და ღამის განმავლობაში აქვთ თითქმის 20 საათი იმისთვის, რომ გააპროტესტონ. მათ რეალურად არ აქვთ პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რამეებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და განაცხადა, მმართველი გუნდი ამისთვის აქტიურად მუშაობსო. „პარტიების უდიდესი ნაწილი და ალბათ ყველა პარტია, მათ შორის, „ნაცმოძრაობაც“, მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში. ეს არის დღევანდელი განწყობა, რაც არის ოპოზიციურ სპექტრში და ეს განწყობა დღევანდელი აქციის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.