აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოები: საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობისთვის აუცილებელია სანდო სამართლებრივი პროცესი

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოთქვამენ მზადყოფნას - შეიტანონ თავიანთი წვლილი საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებისა და საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობის მიზნების მისაღწევად.

საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს - განაგრძონ საარჩევნო დარღვევების განხილვასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი, დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად.

„მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.

დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა.

მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა;

ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად“, - წერია საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოები მოუწოდებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, „ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით“.

საქართველოს ხელისუფლებას კი, საერთაშორისო პარტნიორები 8 ნოემბერს დაგეგმილ მიტინგთან დაკავშირებით მოუწოდებენ, რომ „ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას“.