სამადაშვილი ფარული სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების გამო მიმართავს დიპლომატიურ მისიებს

სალომე სამადაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სალომე სამადაშვილი „ფეისბუკზე წერს გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერის შესახებ. აუდიომასალა გამოქვეყნდა obozrevatel.com-ზე, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, სამადაშვილი ელაპარაკება უცნობ კაცს.

„დიდი ძმა გვისმენს - ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრიუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა.

იმედის უნიჭო „კგბშნიკ" დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! (უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის)", - აღნიშნავს სამადაშვილი.

ამავე ონლაინპლატფორმის თანახმად, კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერში ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს საარჩევნო სიაში მე-16 ნომრად მყოფი გუბაზ სანიკიძე, სავარაუდოდ, ელაპარაკება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას.