არჩევნების მეორე დღეს შექმნილ გვერდს „გაყალბებული ოქმები”, 5 ნოემბერს გამოუჩნდა „მოპასუხე” გვერდი, „ვითომ გაყალბებული ოქმები”, რომელიც ინტერნეტმომხმარებლების იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ ოქმებში ნანახ დისბალანსზე ლაპარაკი დეზინფორმაციული კამპანიაა. ამ შინაარსის მესიჯების გასავრცელებლად „მოპასუხე” გვერდი სარეკლამო გზავნილებს იყენებს, იმავეს აკეთებს ფეისბუკში ცესკოც. კომისია ცდილობს, დაარწმუნოს მოქალაქეები, რომ შემაჯამებელ ოქმებს დეზინფორმაციული კამპანიისთვის იყენებენ.
გიორგი ლუბარეცი პროგრამისტია, ის პირველი იყო, ვინც არჩევნების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზიდან ოქმების ციფრული ვერსიების და მათი თანმხლები დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა დაიწყო და მალევე მიხვდა, რომ პრობლემურ ოქმებს არა მხოლოდ შესწორებები ემატებოდა და ემატებოდა, ზოგჯერ საერთოდ იშლებოდა ცესკოს ბაზიდან დოკუმენტები და ახლით ნაცვლდებოდა. ეს არ იყო ერთეული შემთხვევები.
„ძალიან ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, როცა 1 ნოემბერს ატვირთული ოქმი წაიშალა და სრულიად ახალი აიტვირთა. მნიშვნელოვან დოკუმენტებს მნიშვნელოვან სტრუქტურებში და მნიშვნელოვან სისტემებში არ ანაცვლებენ. ძველი დოკუმენტი რჩება და ახალი ემატება. დამოკიდებულებამ გამაკვირვა, როგორ ექცევიან საარჩევნო დოკუმენტაციას“.
გიორგიმ დოკუმენტაციის ავტომატიზებული დაარქივება დაიწყო - ინახავდა ოქმების პირველ ვერსიებს და ეძებდა ცვლილებებს ახლებში. მეორე დილას მიხვდა, რომ ცესკოს ბაზიდან ინფორმაცია ძველი კოდით, ავტომატურად ისე მარტივად აღარ მოდიოდა და კოდი გადაწერა.
ახლა პროპორციული წესით არჩევნების შედეგები ამ ბმულზეა განთავსებული, მაჟორიტარული ოლქების - აქ.
„წელს უბნების 22%-ზე ოქმები შესწორებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა არჩევნების დროს სისტემა სხვანაირი იყო. ამ წლების განმავლობაში, არ გვაინტერესებდა სისტემა, უბრალოდ ვმონაწილეობდით და ვფიქრობდით, რომ ჩვენი ხმა რაღაცას ცვლის, ახლა დავინახეთ, რომ სისტემა იმდენად ცუდია, რომ ხმები უბრალოდ იკარგება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ლუბარეციმ.
საარჩევნო პროცესს გიორგი წინა წლებშიც აკვირდებოდა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები პირველი შემთხვევა არ არის, როცა მას ახლოდან მოუწია, ენახა ოქმები და ეძებნა დარღვევები.
„ასეთი რამე არასოდეს არ მომხდარა - ადამიანებმა ფეისბუკში კატების გიფების მაგივრად არჩევნების ოქმების გაზიარება დაიწყეს. არავინ ელოდა, რომ ასე მოხდებოდა.
პროგრამისტები არ უნდა გააბრაზო - თუ რამეს ცუდად აკეთებ, იპოვიან გამოსავალს და დაგიჭერენ. თუ ცუდად იქცევი, გამოჩნდებიან ვიღაცები, ვინც გაკონტროლებენ”, - ამბობს გიორგი. ის ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებიდან ჯერ ერთი კვირაც არ არის გასული, უკვე მარტო აღარ არის საარჩევნო დოკუმენტების მონიტორინგსა და სისტემატიზაციაში.
მესამე დღეა, რაც ინტერენტეში არსებობს პლატფორმა watcher.ge, რომელიც დაახლოებით იმავეს აკეთებს, რაც გიორგიმ google drive-ზე გააკეთა, მხოლოდ საიტის ფორმა აქვს და ყველა შესწორებაზე, რასაც ცესკო ოქმებში აკეთებს, ფეისბუკმომხმარებლებს შეტყობინებას ავტომატურ რეჟიმში უგზავნის.
შესწორება ზოგჯერ ტექნიკური და უმნიშვნელოა, მაგალითად, შეიძლება გასწორდეს ოქმი, რომელიც მანამდე უკუღმა, ამოტრიალებული იყოს ატვირთული, ან პირიქით, ძალიან ფუნდამენტური - შეიძლება სრულად შეიცვალოს დოკუმენტი, ან იქ, სადაც ბალანსის პრობლემა იყო, უკვე არსებულ რამდენიმე განმარტებით ბარათს ახალი დაემატოს - ეს ყველაფერი პროცესია და პროცესის დამკვირვებლებისთვის, სრული სურათის მისაღებად ყველაფერი საინტერესოა.
ასევე ნახეთ დარღვევები - დამკვირვებლების ძირითადი შეფასებები ერთადwatcher.ge ორმა პროგრამისტმა, ლევან ილაშვილმა და ოთარ მამეცარაშვილმა შექმნეს. ვებსაიტი არსებობის სამი დღის განმავლობაში უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა ნახა. ლევან ილაშვილი, მისი ერთ-ერთი ავტორი, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ საიტის შემქმნელების მიზანი არა ვინმეს გამოჭერა იყო დანაშაულში, არამედ პროცესში მეტი გამჭვირვალობის შეტანა და ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ადვილად მოსახმარი იქნებოდა.
Your browser doesn’t support HTML5
საინტერესო მოცემულობა, რაც არჩევნების დოკუმენტაციის ცვლილებამ აჩვენა, არის შესწორების ოქმების შინაარსი, სადაც ცესკოს თანამშრომლები, საუბნო და საოლქო კომისიების წევრები თავიანთ შეცდომებს ხან დაღლილობით, ხან სტრესული გარემოთი, ხან თანამშრომლების სახლში დროულად გაშვების სურვილით ხსნიან მაშინ, როცა ცდილობენ, მაგალითად, ახსნან, რატომ დაუწერეს ერთ პარტიას მეორის მიერ მიღებული ხმები, ან როგორ შეძლეს ერთ პარტიას იმაზე მეტი ხმა მიეღო, ვიდრე ამომრჩევლები იყვნენ იმ უბანზე.
„ესეც ისევ იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც გვაქვს, არ ვარგა. თუკი ადამიანები ისე იღლებიან, რომ ვერ ითვლიან, ისეთ სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა, რომ ოქმებს ვერ ავსებენ, ესე იგი, სისტემა არ ვარგა”, - ამბობს გიორგი ლუბარეცი.
სანამ პროგრამისტები კოდებს წერენ და ცდილობენ, საარჩევნო პროცესი უფრო ხელშესახები და მარტივად აღქმადი გახადონ საზოგადოებისთვის, ოლქების ოქმებით დაინტერესებული ადამიანები კი თავიანთ საარჩევნო უბნებს ეძებენ და დარღვევების ლოგიკის გამოცნობას ცდილობენ, უწყება, რომელსაც არჩევნების სამართლიანად და გამართულად ჩატარება ევალება, ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელებში ოქმების გავრცელება დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია და საკმაოდ მსხვილბიუჯეტიანი უწყების თანხებს ამ გზავნილის სოციალურ ქსელში გასავრცელებლად ხარჯავს.
„სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციაზე არის განუზომელი მასშტაბის შეტევა, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელებით, ფსიქოლოგიური ზეწოლაც მიდის მესიჯებით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ისე პირადად ჩემზე და ეს ზეწოლები იმისთვისაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვეღარ შეძლოს ფუნქციონირება, ვერ ჩაატაროს მეორე ტური, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მთელი ძალისხმევა მოვახმაროთ იმას, რომ პროცესი მიმდინარე, რაც კანონმდებლობის ჩარჩოებშია, გაგრძელდეს ისე, როგორც ამას საკანონმდებლო ჩარჩო მოითხოვს: ჩვენ გავიაროთ ყველა შესწორების პროცედურა, ყველა სამართლებრივი და საფუძვლიანი საჩივარი, რომელზეც გვექნება რეაგირება, გავიაროთ ყველა სამართლებრივი გზა და მხოლოდ ამის შემდეგ დავადგინოთ პირველი, მაგრამ ოფიციალური შედეგები“, - თქვა თამარ ჟვანიამ 3 ნოემბერს დიპლომატებსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრისას. მან ამ დღეს ბოდიში მოიხადა ცესკოსთან არჩევნების შედეგებითა და პროცედურებით გაბრაზებული მოქალაქეების პროტესტის გამო და თქვა, რომ ხარვეზები პროცესში დიდწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ პანდემიის გამო გამოცდილი, დატრენინგებული ადამიანების ჩანაცვლება უწევდათ ახალბედებით და ასეთი შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით ასეულობით იყო.
ასევე ნახეთ “გაყალბებული ოქმები” - რა შეცდომები იყო, რა გასწორდა, რა ვერა„უზუსტობები ყველა არჩევნებზე ხდება. ამ შემთხვევაში ხდება ამ უზუსტობების დაზუსტება, რაც აბსოლუტურად ყველა არჩევნებზე ხდება. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა”, - ეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და „ქართული ოცნების” სპიკერის, ირაკლი კობახიძის 4 ნოემბერს გაკეთებული განცხადებაა. დარღვევების სიმრავლე მანაც, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მსგავსად, პანდემიის გამო გამოცდილი კადრების ჩანაცვლებით ახსნა.
გარდა ოფიციალური პირებისა, წარმოდგენას იმის შესახებ, რომ საარჩევნო ოქმები არც იმდენ და ისე სერიოზულ ხარვეზს შეიცავს, როგორც ამას მოქალაქეები და ოპოზიცია ამტკიცებს, ფეისბუკზე არჩევნების შემდეგ შექმნილი გვერდიც ცდილობს, სახელით - „ვითომ გაყალბებული ოქმები”. მაგალითად, ამ გვერდმა 6 ნოემბერს საგანგებო პოსტი მიუძღვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ დიმიტრი შაშკინისა და ცესკოს ყოფილი თანამშრომლის, ივანე ბურდულის მეგობრობას. ბურდულმა ცესკოში თანამდებობა ამ დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და მიზეზად მედიასთან საარჩევნო დარღვევები და ადმინისტრაციის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან კონტროლი დაასახელა. „ვითომ გაყალბებული ოქმების” პოსტი წყაროდ მოიყვანა მამუკა მდინარაძემ ამ თემაზე მედიასთან გაკეთებული კომენტარისას.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციური პარტია არალეგიტიმურად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. რიგ საარჩევნო უბნებში მაჟორიტარების ასარჩევად არჩევნების მეორე ტურია საჭირო. სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პარტიები დარღვევების მასშტაბის საჩვენებლად, სასამართლოში სარჩელების შეტანის გზასაც მიმართავენ.