„ფეისბუკმა“ წაშალა „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები

სოციალურმა ქსელმა „ფეისბუკმა“ წაშალა მედიაორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ და პოლიტიკურ პარტია „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები, ჯგუფები, ღონისძიებები და „ინსტაგრამის“ ანგარიშები. მიზეზი, სოციალური ქსელის განცხადებით, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევა“ გახდა. „ჩვენს შეფასებას დაეხმარა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მოხსენებებიო“, - ნათქვამია განცხადებაში.

„კოორდინირებული არაავთენტური ქცევა“, „ფეისბუკის“ განმარტებით, საჯარო დებატების მანიპულაციის კოორდინირებული მცდელობაა, რომლის დროსაც აქტიურად გამოიყენებენ ყალბ ანგარიშებს. ამგვარი ქსელის აღმოჩენის შემთხვევაში კი შლიან არა მხოლოდ ყალბ, არამედ რეალურ ანგარიშებსაც, რომლებიც ჩართული იქნება დეზინფორმაციის კამპანიაში.

ოქტომბრის თვეში სულ 14 ქსელი გამოავლინეს, რომელიც მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. საქართველოს, მიანმარის, უკრაინისა და აზერბაიჯანის შემთხვევებში სამიზნე ადგილობრივი აუდიტორია იყო, ირანის, ეგვიპტის, აშშ-ისა და მექსიკის შემთხვევებში კი - უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, „ფეისბუკმა“ წაშალა მედიაორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და „ინსტაგრამის“ 19 ანგარიში, თავად „ალტ-ინფოს“ კი „ფეისბუკით“ სარგებლობა აუკრძალა. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსსა“ და ბეჟან გუნავას „ქართულ არჩევანს“, წაშლილია მათთან დაკავშირებული 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 21 ანგარიში.

ISFED თავის ანგარიშში წერდა, რომ „ალტ-ინფო“ თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, რეალურად კი ის ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“. „ფეისბუკზე“ საკუთარი ქსელის ღიად გაფართოება „ალტ-ინფომ“ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო - მას შემდეგ, რაც „ფეისბუკმა“, როგორც „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, „ალტ-ინფოსა“ და მასთან დაკავშირებული სიძულვილის ენით გამორჩეული ე.წ. „ალფა დომინანტის“ გვერდები დაბლოკა.

„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია, ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“, 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია DFRLab-ის ცნობით, „ფეისბუკის“ მიერ გაუქმებულ გვერდებს შორისაა Tinp.ge — დღეს პოლიტიკაში (“Today in Politics”), რომელიც თავს მედიაორგანიზაციად ასაღებდა და მალავდა კავშირს „პატრიოტთა ალიანსთან“. მითების დეტექტორის ცნობით, ეს გვერდი, „პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამის გარდა, NDI-სა და IRI-ს დისკრედიტაციისკენ მიმართულ პოსტებსაც ასპონსორებდა.

ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც სოციალური მედიის გიგანტმა საქართველოში წაშალა „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ ქსელი. მანამდე „ფეისბუკმა“ წაშალა „ქართული ოცნების“ ყოფილი პიარტექნოლოგის, კოკა ყანდიაშვილის, ორგანიზაცია „ეS პერსონასთან“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები.