ოცი წლის წინ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მათ შორის, უმნიშვნელოვანეს ფლორიდის შტატში, საარჩევნო უბნების დახურვიდან, დაახლოებით, ერთ საათში ტელეარხებმა გამოაცხადეს, რომ დემოკრატმა ელ გორმა გაიმარჯვა, დაამარცხა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, ჯორჯ ბუში.
ეს იყო 2000 წლის ნოემბერში, როცა განსხვავება ორი მეტოქის მომხრეთა რაოდენობას შორის იმდენად მცირე იყო, რომ შეუძლებელი გახდა დაბეჯითებით გამარჯვებულის გამოცხადება.
მართლაც, რამდენიმე საათში იმავე ტელეარხებმა უპრეცედენტო რამ ჩაიდინეს: ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ გამარჯვებული არა ელ გორი, არამედ ბუში იყო. ამის შემდეგ სხვაობა იმდენად შემცირდა, რომ კანონით გათვალისწინებული ხელმეორედ დათვლა გადაწყვიტეს და ფლორიდის ბიულეტენებს 36 დღის განმავლობაში ითვლიდნენ.
ასევე ნახეთ რა ძირითადმა ფაქტორებმა განაპირობა ჯორჯ ბუშის გამარჯვება?ბუში გამარჯვებულად არ გამოცხადდა, სანამ უზენაესმა სასამართლომ არ გადაწყვიტა, რომ ფლორიდაში დათვლა შეეწყვიტათ.
ოცი წლით აქეთ გადმოვინაცვლოთ.
3 ნოემბრის კენჭისყრის საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა, დღეები გავიდა, მაგრამ გამარჯვებული არ არის ცნობილი, არ ვიცით, ვინ მოიგო არჩევნები - რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დონალდ ტრამპმა თუ დემოკრატმა ჯო ბაიდენმა. რატომ დასჭირდა ამდენი დრო ამერიკის შემდგომი პრეზიდენტის გამოვლენას?
ცდომილებების საზღვრები
სხვადასხვა მიზეზით, ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ის ელექტორატი მკვეთრად გაიხლიჩა, საზოგადება სულ უფრო და უფრო ორ ნაწილად გაიყო.
ეს ნიშნავს, რომ იქ, სადაც საქმე ეხება მთელ ქვეყანაში არჩევნებს, გამარჯვებულისა და დამარცხებულის მომხრეთა რაოდენობა ბოლო წლებში სულ უფრო უახლოვდება ერთმანეთს.
ეს კი მოიტანს ნაკლებად დამაჯერებელ გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და საბოლოო შედეგის გამოცხადებისთვის მეტი დრო იქნება საჭირო.
ბოლო ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება მთელ ქვეყანაში მოიპოვა რონალდ რეიგანმა 1984 წელს, როცა მან, თავისი დემოკრატი მეტოქე, უოლტერ მონდეილი, დაამარცხა ყველგან მისი შტატის, მინესოტის გარდა.
მას შემდეგ მეტოქეთა მომხრეების რაოდენობები სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა ერთმანეთს და აძნელებდა გამარჯვებულის სწრაფად გამოვლენას.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა გამარჯვებულს აცხადებენ კენჭისყრის ღამეს ან რამდენიმე საათში, ამას არ აკეთებს სახელმწიფო ორგანო. გამოცხადება ხდება აშშ-ის არაოფიციალური მასმედიის მიერ, ძირითადი სატელევიზიო არხებით, საკაბელო ტელევიზიებით, ახალი ამბების სააგენტო Associated Press-ისა და სხვა მსხვილი მაუწყებლების მიერ და ისინი ეყრდნობიან კენჭისყრის ისტორიული მოდელების ალგორითმებს, უბნებზე ამომრჩევლების გამოკითხვის მონაცემებს, ასევე ხმების დათვლის რეალური დროის ტენდენციებს.
წელს რა მოხდა განსხვავებული?
როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, აშშ-შიც ამომრჩეველი პირადად მიდის ხმის მისაცემად. წელს ეს ცოტა სხვაგვარად მოხდა.
პირველ რიგში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამომრჩევლებს საშუალება მისცეს, ადრევე დაეწყოთ ხმის მიცემა ფოსტის საშუალებით.
ფლორიდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კენჭისყრის სამეთვალყურეო პროექტის თანახმად, წელს ფოსტით ხმა მისცა ამერიკელთა სარეკორდო რაოდენობამ - ორჯერ მეტმა, ვიდრე 2016 წელს, სულ კი - 64-მა მილიონმა.
ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ამომრჩეველთა მიერ პირადად ჩაბარებული ბიულეტენებისას უბანში. კონვერტში, გარდა საკუთრივ ბიულეტენისა, არის ამომრჩევლის სარეგისტრაციო ჩანაწერები. საჭიროა მათი შედარება, ასევე ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება თანმხლებ კონვერტში.
დრო მიაქვს ასევე კონვერტზე საფოსტო ბეჭდის შემოწმებას: ის არ უნდა იყოს კენჭისყრის ოფიციალურ დღეზე გვიან დათარიღებული.
ამას დაერთვის ის ფაქტორი, რომ სხვადასხვა შტატში სხვადასხვა წესია იმისა, თუ როდის უნდა მოხვდეს ეს კონვერტი ადგილობრივ საარჩევნო უწყებაში და სხვადასხვა შტატს საფოსტო ბიულეტენების დათვლის სხვადასხვა წესი აქვს.
ჩრდილოეთ კაროლინაში, მაგალითად, საარჩევნო უწყების თანამშრომლები საფოსტო ბიულეტენებს ითვლიდნენ კვირების განმავლობაში, შედეგების გამოქვეყნება კი დაგეგმილი იყო არჩევნების დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ.
პენსილვანიაში საარჩევნო უწყების თანამშრომლების საქმიანობა - ფოსტით მიღებული ბიულეტენების დათვლა - შეაჩერა საკანონმდებლო ორგანომ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ. ეს ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობის - მათ შორის, საფოსტო - ბიულეტენების დათვლა დაიწყეს მხოლოდ უბნების დახურვის შემდეგ.
პენსილვანიის შტატის რესპუბლიკელებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს და არ მისცეს მოხელეებს უფლება, დაეთვალათ ფოსტით მიღებული ის ბიულეტენები, რომლებიც არჩევნების დღიდან მესამე დღეს მივიდა უწყებაში. საქმე მივიდა უზენაეს სასამართლომდე და მან საჩივარი უარყო, რაც ნიშნავს, რომ დათვლა გაგრძელდა. ეს მნიშვნელოვანი შტატია, რადგან მიეკუთვნება იმ რამდენიმე შტატს, რომლებიც ბოლო წლებში ხან რესპუბლიკელებისკენ იხრებოდნენ, ხან დემოკრატების მხარეს იყვნენ, და საბოლოო შედეგს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს გამარჯვებულისთვის.
მიჩიგანსა და ვისკონსინში საარჩევნო უწყების პასუხისმგებელ პირებს აუკრძალეს საფოსტო ბიულეტენების დახარისხებაც კი არჩევნების დღემდე და უშუალოდ მის წინ.
ვისკონსინის შტატში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ანალოგიურ შემთხვევაში მიიღო სხვა გადაწყვეტილება, რომლის გამოც ფოსტით მიღებული ბიულეტენების დათვლა, ფაქტობრივად, შეჩერდა.
ასევე ნახეთ აშშ-ის შტატები, სადაც არჩევნების ბედი წყდებაარ უნდა დაგვავიწყდეს ხმის მიცემის კიდევ ერთი ფორმა, რომლის დროსაც ასევე ფოსტით ხდება ხმის მიცემა, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ადამიანი ფიზიკურად არ არის თავის საცხოვრებელ ადგილას, სადაც რეგისტრირებულია.
ესენი არიან სამხედროები, რომლებიც უცხოეთში მსახურობენ, ან დიპლომატები, რომლებიც ასევე სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, ან კიდევ, უბრალოდ, მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით არ იმყოფებიან შინ. მაგრამ განსხვავებაა ამ პრინციპსა და პანდემიის გამო შემოღებულ ფოსტით ხმის მიცემას შორის. საქმე ისაა, რომ ადრე შესაბამის პირს რამდენიმე კვირით ადრე უნდა დაესახელებინა თავისი შინ არყოფნის მიზეზი. ახლა ვითარება შეიცალა და ნებისმიერ ადამიანს, ისე, ვითომ შინ არ ყოფილიყო, შეეძლო მიუსვლელად, ფოსტით ხმის მიცემა. 2000 წლის კენჭისყრის დროს ფლორიდაში ფოსტით ხმის მიცემამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. რესპუბლიკელები თავგამოდებით იბრძოდნენ იმისთვის, რომ ადგილობრივი მოხელეები იძულებული გაეხადათ მიეღოთ ის ბიულეტენებიც კი, რომლებზეც არ იყო საფოსტო ბეჭედი, აკლდა მოწმეების ხელმოწერა და თვით ბიულეტენები, რომელთა მფლობელებმა ორჯერ მისცეს ხმა. ეს ბიულეტენები კი უმნიშვნელოვანესი გამოდგა ფლორიდაში, სადაც ბუშმა არჩევნები მოიგო 537 ხმით.
რას აკეთებს საარჩევნო კოლეგია?
იმის მტკიცება, რომ კენჭისყრის დღეს ან მალევე მას მერე ოფიციალური გამარჯვებული ცნობილია, მცდარია.
ასეთ განცხადებებს ავრცელებენ არაოფიციალური მედიასაშუალებები, მაგრამ მათ საპრეზიდენტო კანდიდატები - გამარჯვებულიცა და დამარცხებულიც - აღიარებენ ხოლმე. 2000 წელს, ელ გორმა მას მერე, რაც ტელევიზიით მისი მარცხისა და ბუშის გამარჯვების შესახებ გამოცხადდა, შედეგი აღიარა. მოგვიანებით კი, როცა ხმების რაოდენობა ბუნდოვანი გახდა, ეს აღიარება უარყო.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ისაა, ვინც საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 270-ს ან მეტს მოიპოვებს.
ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების რაოდენობა ეფუძნება იმას, თუ რომელ შტატში რამდენი ხმა მოაგროვა კანდიდატმა. ეს ნიშნავს, რომ ერთმა კანდიდატმა შეიძლება მთელ ქვეყანაში მეტი ხმა მოიპოვოს, მაგრამ არჩევნები მაინც წააგოს.
ასეთი რამ აშშ-ის ისტორიაში მოხდა ხუთჯერ და ბოლოს კი 2016 წელს, როცა ტრამპმა ჰილარი კლინტონი დაამარცხა. საარჩევნო კოლეგიის ოფიციალური განცხადება მოგვიანებით ქვეყნდება. 2020 წელს მისი შეკრება მოხდება 14 დეკემბერს, რათა კოლეგიის ხმები დათვალონ. შემდეგ შეიკრიბება ახლად არჩეული კონგრესი და საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლის შედეგები დამტკიცდება.
ამ პერიოდში ხდება ხოლმე წინასწარ განზრახული თუ უნებლიე იურიდიული შეფერხებები, რომელთაც ასევე შეუძლიათ დააყოვნონ გამარჯვებულის გამოცხადება. მაგალითად, როცა შტატი დათვლას დაასრულებს, შედეგი უნდა დამტკიცდეს შტატის საკანონმდებლო ორგანოსა და გუბერნატორის მიერ, რათა შტატის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა - ამომრჩევლებმა შეძლონ სხვა შტატების კოლეგიების წევრებთან შეხვედრა საერთო გამარჯვებულის გამოსაცხადებლად. თუ შტატის საკანონმდებლო ორგანოში კამათია დათვლის გარშემო პოლიტიკური მოტივით, ამან, მაგალითად, შეიძლება შეაყოვნოს საარჩევნო კოლეგიის შეკრება. ეს კი გადადებს კოლეგიაში ხმის დათვლის შედეგების კონგრესის მიერ დამტკიცებას. შესაძლებელია ასევე, რომ კონგრესის წევრები არ დაეთანხმონ შტატებიდან მოსულ შედეგებს. ან კიდევ, თუ საჭირო გახდა და პალატამ უნდა გადაწყვიტოს არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა, კონსტიტუციით განმტკიცებული დებულებით, შეიძლება ხმა მისცენ წარმომადგენელთა პალატაში არა ცალკეულმა წევრებმა, არამედ შტატების დელეგაციებმა. ამერიკის ისტორიაში მხოლოდ ცალკეული შემთხვევები იყო, როცა კონგრესმა გადაწყვიტა, ვინ იყო არჩევნებში გამარჯვებული, თუმცა ამის გამო მოქალაქეებს დიდხანს დასჭირდათ ლოდინი, სანამ ქვეყნის პრეზიდენტის ვინაობას ოფიციალურად შეიტყობდნენ.
ცხადია ის, რომ, აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, 2021 წლის 20 იანვარს პრეზიდენტმა ფიცი უნდა დადოს.
დღეს მხოლოდ ის არაა ნათელი, როდის გვეცოდინება, ვინ იქნება ის.