„ხელშეუხებელნი” (“ The Untouchables”, 1987, აშშ, რეჟისორი ბრაიან დე პალმა)
31 ოქტომბერს თავის აგარაკზე, ბაჰამის კუნძულებზე, ძილში გარდაიცვალა 90 წლის შონ კონერი - კინოხელოვნების ლეგენდა, შოტლანდიელი მსახიობი, რომელმაც კინოს მოყვარულებს, პირველ რიგში, ჯეიმს ბონდის სერიალით (შვიდჯერ შეასრულა ეს როლი!) დაამახსოვრა თავი. მას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ “ბონდიანამ” დაშტამპა, რომ თითქოს აბსოლუტურად მოკლებული იყო გარდასახვის უნარს, რომ თამაშობდა პუბლიკის პრიმიტიულ გრძნობებზე. ძირითადად აკრიტიკებდა ის, ვინც, უბრალოდ, ვერ გრძნობდა მსახიობის ირონიას, მე ვიტყოდი პერსონაჟთან პრინციპულ დისტანცირებას, ასე კარგად რომ ჩანს არა მარტო “ბონდიანაში”, არამედ სხვა ფილმებში შონ კონერის მონაწილეობით. ეს ბრალდება მთლად სამართლიანი რომ არაა, თავად მიხვდებით, თუკი გაიხსენებთ შონ კონერის შესანიშნავ როლებს, მაგალითად, ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში “მარნი”, სიდნეი ლუმეტის “ბორცვში”, ჟან-ჟაკ ანოს “ვარდის სახელში” და, რა თქმა უნდა, ბრაიან დე პალმას სურათში “ხელშეუხებელნი”.
სწორედ ამ ფილმში განსახიერებული როლისთვის დაჯილდოვდა შონ კონერი “ოსკარით” 1988 წელს. მახსოვს, იმხანადაც გამოჩნდნენ სკეპტიკოსები, რომლებმაც ამერიკის კინოაკადემიის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, უფრო კინოში გაწეული ღვაწლისთვის გადასცეს “ოსკარი” და არა ფილმში განსახიერებული როლისთვისო. არადა, დე პალმას სურათში, მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონაჟი მთავარი არაა, მიუხედავად იმისა, რომ იმხანად, როცა სურათი ეკრანებზე გამოვიდა, კრიტიკოსებმა მთელი ყურადღება ელიოტ ნესის როლის შემსრულებელ კევინ კოსტნერზე გადაიტანეს (ვფიქრობ, ეს მართლაც საუკეთესო როლია კოსტნერის ბიოგრაფიაში). შონ კონერი თამაშობს არა იმდენად პერსონაჟს, უკვე ასაკში შესულ, მაგრამ ძალიან გამოცდილ პოლიციელს, რამდენადაც თამაშობს თითქმის ყველაფერს, რაც მანამდე გაუკეთებია კინოში - ერთგვარი გაცოცხლებული ლეგენდაა, რომელიც ახალგაზრდებს უნდა დაეხმაროს. უფრო მეტიც, თავად ბრაიან დე პალმა განიხილავს განგსტერულ კინოს, როგორც ამერიკული მითოლოგიის განუყოფელ ნაწილს, და ცდილობს გააცოცხლოს არა მარტო ჰიჩკოკი, რომლის მემკვიდრედ ითვლება იგი ჰოლივუდში (უთუოდ სამართლიანად), არამედ, პირველ რიგში, ჰოვარდ ჰოუქსი, რომლის ფილმის, “ნაიარევი სახის”, რიმეიკი დე პალმამ “ხელშეუხებლებამდე” რამდენიმე წლით ადრე გადაიღო.
ოღონდ “ხელშეუხებლები”, ჩემი აზრით, უფრო მაღალი კლასია, ვიდრე დე პალმას ადრინდელი სურათები. აქ უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ იმხანად, გასული საუკუნის 80-იან წლებში, თითქმის ვერავინ ქმნის ასეთი ძალის “სასპენსს” კინოში, თითქმის ვერც ერთი ამერიკელი რეჟისორი (ჩემი აზრით, თვით კოპოლაც კი) ვერ აცოცხლებს განგსტერული კინოს ჟანრს ისე, რომ “რეტროს” ცდუნების ქვეშ არ მოექცეს, არ დაგვღალოს მაფიის ბოსების არაფრის მთქმელი დიალოგებით და არ გაიტაცოს სტილისტურმა თამაშმა კოსტიუმებით და დეკორაციებით (არადა, “ხელშეუხებლების” კოსტიუმების მხატვარი, სხვათა შორის, ჯორჯიო არმანია). დე პალმა ახერხებს დაიცვას სათავგადასავლო ჟანრის ყველა კანონი, თავიდან აირიდოს პაუზები, ცარიელი ადგილები, ბოლომდე გაჰყვეს არჩეულ ტემპორიტმს, ამისათვის “დასახმარებლად” მიმართოს კინოს კლასიკას (ვაგზლის ეპიზოდი ითვლება ეიზენშტეინის “ჯავშნოსანი პოტიომკინის” დიდ ციტატად) და, ამავე დროს, წარმოგვიდგინოს, მართლაც რომ, ადამიანთა დრამა, გამოიკვლიოს ძალადობისა და ადამიანური სისასტიკის ანატომია.
30-იანი წლების ჩიკაგო დე პალმას ფილმში, ფაქტობრივად, დაპყრობილი აქვს ალ კაპონეს და მის ბანდას. პოლიცია უძლურია წინააღმდეგობა გაუწიოს განგსტერებს, სანამ საქმეში “ხელშეუხებლების” რაზმი არ ჩაერთვება. რეალური ისტორია წარმოდგენილია კლასიკური ჰოლივუდის სქემის მკაცრი დაცვით, მაგრამ, ამავე დროს, ეს 1987 წელია! მსოფლიო კინოში და, პირველ რიგში, ჰოლივუდში მოდის კინემატოგრაფისტთა ახალი თაობა, პირველ რიგში, კვენტინ ტარანტინო, რომელიც კლასიკური კინოს მოდელებს უფრო თამამად, უფრო გამომწვევად შეუცვლის ადგილებს, მიმართავს ამ მოდელების კომბინაციებს და რეკომბინაციებს, კონსერვატორთა წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიაგნებს ჰოლივუდში ადგილს პოსტმოდერნიზმისთვის. “ხელშეუხებლებში” დე პალმა თითქოს გრძნობს ამ “ახალი ტალღის” მოახლოებას ჰოლივუდში. ეს უნდა იყოს მიზეზი კინემატოგრაფიული ციტატების უხვი გამოყენებისა ფილმში და შესაძლებელია იმ დაფარული, მსუბუქი ირონიისა, რომელიც, პირველ რიგში, შონ კონერის მოაქვს “ხელშეუხებლებში”... გარკვეული თვალსაზრისით, კონერი თავად დე პალმას თამაშობს - გამოცდილმა ავტორმა, კრიმინალური ჟანრის მთავარმა ოსტატმა 80-იანი წლების ამერიკულ კინოში, ახალგაზრდებთან ერთად უნდა იხსნას ჰოლივუდი იმ კონფორმიზმისგან, რომელმაც 80-იანი წლების დასაწყისში ცოტა ხნით შეაჩერა ამერიკული კინოს განვითარება.
მაგრამ თუკი “ხელშეუხებლები” გარკვეულ ეტაპს გამოხატავს ამერიკულ კინოში, ფილმის ეკრანებზე გამოსვლა სულ სხვა მოვლენებს ემთხვევა ჩვენში, საქართველოში. ვიდეომაგნიტიფონი 1988 წელს საბჭოთა კავშირში უკვე აღარ ითვლებოდა დიდ ფუფუნებად. ხალხმა ჯერ ვიდეოზე ნახა იმ დროის ყველაზე პოპულარული განგსტერული ფილმები: კოპოლას “ნათლია”, სერჯიო ლეონეს “ერთხელ ამერიკაში”, ბრაიან დე პალმას “ნაიარევი სახე”, შემდეგ კი - კინოთეატრებში. ამ სურათებზე ჩვენში მთელი თაობა გაიზარდა, ახალგაზრდები, რომლებიც სულ რამდენიმე წელიწადში, ფილმების გავლენით, პერსონაჟების მიბაძვით და, ცხადია, კიდევ ბევრი სხვა მიზეზით, “ქართულ განგსტერულ სკოლას” დააარსებენ და ერთმანეთს დაერევიან. ბრაიან დე პალმას “ხელშეუხებლები” რატომღაც არ იყო ისე პოპულარული, როგორც ჩამოთვლილი ფილმები. შესაძლებელია სწორედ იმიტომ, რომ სურათში ბოლო კადრამდე დაცულია დისტანცია მაყურებელთან. “ხელშეუხებლებში” ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ კრიტიკული აზრის დაბადების საშუალება გვქონდეს, არ წაგვერთვას ირონიის, უფრო მეტიც, დაცინვის უფლება - იმ ხალხის დაცინვის უფლება, ვინც ძალა და სისასტიკე ცხოვრების წესად აქცია. ზუსტად ამას აკეთებდა სერ თომას შონ კონერი თავის შემოქმედებაში.
მისი ცხოვრებაც კინოს ჰგავდა - ღარიბ შოტლანდიურ ოჯახში დაიბადა და “სერის” ტიტული მოიპოვა. ბოლოს მშვიდად, ძილში გარდაიცვალა.