ცესკოს თანამშრომელი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და თანამდებობას ტოვებს

ცესკოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ივანე ბურდულმა სამსახურის დატოვების შესახებ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას აცნობა. ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სპეციალისტის განცხადება მხოლოდ ერთი წინადადებისგან შედგება - "გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან".

"მთავარ არხთან" საუბრის დროს ბურდული თანამდებობის დატოვების სურვილს 31 ოქტომბრის არჩევნებით ხსნის:

"მიმაჩნია, რომ იქ არ უნდა ვმუშაობდე. მთავარი მიზეზია არჩევნები, რომელიც ტოტალურად გაყალბდა".

მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გამარჯვებულია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარტია პარლამენტში 74 მანდატს აგროვებს და უმრავლესობით გასამარჯვებლად მხოლოდ 2 მანდატიღა სჭირდება. შედეგებს ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ და პროტესტის ნიშნად პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.