პროტესტი ქუთაისში - 44 საჩივრიდან ჯერჯერობით სრულად მხოლოდ ერთი დააკმაყოფილეს

ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები შენობის გარეთ შეიკრიბნენ. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის და ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, კენჭისყრის დღიდან საოლქო საარჩევნო კომისიაში 44 საჩივარი იყო შესული. მხოლოდ ერთი მათგანი დაკმაყოფილდა სრულად, ორი ნაწილობრივ, 17-ის განხილვაზე კი საერთოდ უარი თქვეს, სწორედ, ამას მოჰყვა პოლიტიკური პარტიების პროტესტი. საჩივრების განხილვაზე უარი უთხრეს „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო“-ს, „ევროპულ საქართველო“-ს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას. საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავდნენ, რომ საჩივრები არაუფლებამოსილმა პირებმა წარადგინეს.

აქტივისტები საოლქო კომისიის მოქმედებას საყვირებით და შეძახილებით აპროტესტებდნენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ქუთაისის მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატებმა რამდენჯერმე სცადეს შენობაში შესვლა თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.

პოლიციის მოქმედებას კომისიის წევრები და პარტიების წარმომადგენლები შენობიდან ადევნებდნენ თვალ-ყურს. ნაწილმა სამართალდამცველების მოქმედების გაპროტესტება იქვე სცადა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში თედო მესხმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „სხდომის დაწყებას ველოდებოდით, როდესაც შევხედეთ, შენობის გარეთ პოლიცია, როგორ ძალადობდა მშვიდობიან დემონსტრანტებზე, გადავწყვიტეთ საოლქო კომისიის დარბაზის პიკეტირება, იმიტომ, რომ ის, რაც ქვევით ხდებოდა, იყო უმსგავსობა“. შედეგად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოაძევეს.

„ცემა-ტყებით გამოყარეს ჩვენი წარმომადგენლები საოლქოდან ამ კრიმინალებმა და ახლა ცდილობდნენ დაკავებას, იმის გამო, რომ აპროტესტებდნენ ხმების ქურდების მიერ არჩევნების გაყალბებას, კანონის ფარგლებში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქუთაისის მერობის კანდიდატმა ენმ - „ძალა ერთობაშია“-დან გრიგოლ შუშანიამ.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის დამკვირვებელი მიხეილ გეგეშიძე ამბობს: „გამომაძევეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტი გამოვთქვი და არ ვაძლევდი იმ ფარსის ჩატარების უფლებას, რასაც ზევით აკეთებდნენ. ქვევით ხალხს სცემდნენ და გადაუარეს, ზევით კომისიის წევრები ირონიულად დასცინოდნენ. ესენი კაპიკებზე ჰყიდიან ქვეყანას, მაგრამ ის არ იციან, რომ ივანიშვილის თვითმფრინავში ამათი ადგილი არ იქნება“.

საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი თეონა ჩიხლაძე: „ჩემი საჩივრის განხილვაზე (სადაც ადამიანი მივიდა და ხელი უკვე მოწერილი იყო მის ნაცვლად) დამიბარეს შვიდ საათზე. უბანზე საჩივარი მქონდა დაწერილი, მოვედი და ლალიაშვილმა, ვინც ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას, ბრძანა, რომ ყველა თმით გაათრიეთო ესენიო, ქალებიო. პოლიცია უმიზეზოდ დამეტაკა, გადმომსვა და გამომიშვა. ესენი არიან გამყალბებლები, არ ეშინიათ, რომ ამ ქალაქში გაიარონ?!"

ამ წუთებში ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან შედარებით სიმშვიდეა.