ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმიდან 2 კვირა გავიდა. ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფომ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა რატომ და რას აკეთებს ხელისუფლება თავდამსხმელის კვალზე გასასვლელად, ისევ არ ვიცით.
21 ოქტომბერს სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი ბანკში ხელყუმბარით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აყვანა და იმ დღესვე ნახევარი მილიონი დოლარით ტყეში მიიმალა. შსს-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში მცხოვრები, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა.
უკვე ერთი კვირაა, რაც ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი, რომელიც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ სპეცდანიშნულების რაზმით იყო გარშემორტყმული,
ჯერ არ გავსულვარ სამსახურში და ვრჩები სახლში. მგონია, რომ შევძლებ მუშაობის დაწყებას და რთული არ იქნება ჩემთვის. სულ ამაზე ხომ არ ვიფიქრებ?!ყოფილი მძევალი
ჩვეულებრივად მუშაობს. ოფისი დილის 10-ზე იხსნება და იმდენივე მომხმარებელი ჰყავს, რამდენიც შეიარაღებულ თავდასხმამდე. ოფისში გამოცვალეს მინა, რომელიც ბანკში შეჭრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის გამო გაიბზარა. თავდასხმის კვალი ოფისს აღარ ეტყობა, იმ განსხვავებით, რომ მძევლად აყვანილი თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ შვებულებაშია.
შვებულებაშია მათ შორის ფეხმძიმე ქალი, რომელიც შეჭრისა და სროლის მომენტში სამუშაო მაგიდასთან იჯდა. გასროლის ხმაზე ის მაგიდის ქვეშ შეძვრა, საიდანაც 15-10 წუთში იგი თავდამსხმელმა იარაღის დამიზნებით გამოიყვანა. თავდასხმის დღეს მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეიარაღებულმა კაცმა, პირველ რიგში, შენობიდან ისინი გამოყარა, ვინც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა ან ზედმეტად ემოციური იყო, მათ შორის, თავად ისიც.
„ჯერ არ გავსულვარ სამსახურში და ვრჩები სახლში. მგონია, რომ შევძლებ მუშაობის დაწყებას და რთული არ იქნება ჩემთვის. სულ ამაზე ხომ არ ვიფიქრებ?! მე ჩემი პრობლემები მქონდა და იმაზე გადავერთე“, - გვიყვება დღეს ყოფილი მძევალი.
ახლა არაფერი განსაკუთრებული [კვალი] არ დამრჩენია. მშვენივრად ვარ. მშვენიერ ფორმაში ვარ. მწარე მოგონება ტკბილად დაგვრჩაყოფილი მძევალი
ერთ-ერთი, ვინც ბოლოს ნახა ბადრი ესებუა, ზუგდიდელი ლაშა შენგელიაა. იგი იმ ოთხ მძევალს შორის იყო, რომლებიც ბადრი ესებუამ ხელებგაკოჭილი თან გაიყოლა. თავდასხმის დღეს მან ჟურნალისტებს უთხრა, როგორ დატოვა იგი შუაღამისას სამ სხვა ადამიანთან ერთად ესებუამ ჩხოროწყუში, სოფელ კირცხის ტყეში.
„ჩავიდა ეს კაცი, დაიბარა, რომ მიბრძანდით მანქანით, მე აქ ვიქნები, ერთი გამოიხედავთ ან რამე და გესვრითო“, - იხსენებდა გატაცების მეორე დღეს ლაშა შენგელია.
საერთო ჯამში, მან თავდამსხმელთან, რომელსაც გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში, 15 საათი გაატარა. „საქართველოს ბანკის” ფილიალში იმ დღეს მან შემთხვევით შეიარა, როგორც კლიენტმა. დღეს ლაშა შენგელია ჰყვება, რომ გათავისუფლებიდან მეორე დღესვე ისარგებლა დაყაჩაღებული ბანკის შესასვლელთან მდგარი სწრაფი გადარიცხვის აპარატით.
„ახლა არაფერი განსაკუთრებული [კვალი] არ დამრჩენია. მშვენივრად ვარ. მშვენიერ ფორმაში ვარ. მწარე მოგონება ტკბილად დაგვრჩა“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას და დაამატა, რომ თავდამსხმელის დევნის ისტორიისთვის თვალყური აღარ უდევნებია.
ირაკლი კვარაცხელია 21 ოქტომბერს ბანკში რამდენიმე წუთით მისთვის დამზადებული ბარათის ასაღებად მივიდა, თუმცა მთელი დღით დარჩა, როგორც ერთ-ერთი მძევალი. სწორედ მისი დახმარებით დაუკავშირდა თავდამსხმელი „მთავარ არხს“ და ვიდეოზარში პირველად გაისმა მისი მოთხოვნები.
„იმ მომენტში მარტო ერთ რამეზე ვფიქრობდი, რომ ეს ამბავი მინიმალური ზიანით დასრულებულიყო. მაშინ არ მჯეროდა, რომ ბანკიდან მინიმუმ დასახიჩრების გარეშე გამოვიდოდი. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში წარმომედგინა, რომ ხელყუმბარა აფეთქდებოდა და ვინმე მაინც დარჩებოდა ცოცხალი“, - იხსენებს 2 კვირის წინ მომხდარს ირაკლი კვარაცხელია და უკმაყოფილოა იმით, რომ თავდამსხმელი თავისუფალია, მისი ძებნის ოპერაციის შესახებ კი არაფერი იცის.
გამოძიების დასრულების მოლოდინში არიან ზუგდიდელებიც. ქალაქი ახალი ინფორმაციის მიღების მოლოდინით ერთი კვირა ტელევიზორების ეკრანს მიეჯაჭვა, ვიდრე შსს-ს მიერ ტერორისტულ აქტად შეფასებული თავდასხმის თემას პარლამენტის არჩევნები დაჩრდილავდა.
62 წლის ზუგდიდელი ნუკრი ჯოლოხავა ამბობს, რომ ამ თავდასხმამდე მსგავსი ფაქტის მომსწრე არ ყოფილა და, მიუხედავად ამისა, დღეს, სოციალური თუ ეპიდემიოლოგიური პრობლემების ფონზე, ინტერესი გაუნელდა. დიდად არ დარდობს, დააკავებს თუ არა თავდამსხმელს პოლიცია: „ისე, მაინტერესებს, როგორ დამთავრდება ეს ამბავი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ დამნაშავის პოვნა ჩვეულებრივად შეძლონ“.
„ეტყობა, პოლიციას არაფერი აქვს სათქმელი. ვინმე რომ ეპოვათ, გვეტყოდნენ, ალბათ. აწი მაგას ვერ იპოვიან, წავიდოდა, ალბათ, სადმე“, - უთხრა თავისუფლებას ზუგდიდელმა ეთერ მებონიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბოლო საჯარო განცხადება „საქართველოს ბანკის“ თავდასხმაში დადანაშაულებული ბადრი ესებუას ძებნის სპეცოპერაციის შესახებ 27 ოქტომბერს ზუგდიდში გააკეთა.
„შეიძლება ერთი თვე ვსდიოთ - ან მეტი, ან ნაკლები, ეგ პრობლემა არ არის არანაირი... თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ“, - უთხრა მან „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.
ასევე ნახეთ გომელაურის თქმით, ბადრი ესებუას დაკავების ოპერაცია შეიძლება ერთი თვე გაგრძელდესშეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
რადიო თავისუფლება ელოდება შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პასუხს კითხვებზე: რა გარემოებების გამო მიენიჭა თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია, რომელი უწყებები აწარმოებენ თავდამსხმელის ძებნის და დაკავების ოპერაციას და რა ეტაპზეა ახლა ეს საქმე.
ერთ-ერთი მოწმე, ლაშა შენგელია, ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ გზაში თავდამსხმელი უფრო ნერვიულობდა. მისი სიტყვებით, ავტომანქანაში ოთხი პირი, მათ შორის თავდამსხმელი, უკანა სავარძელზე მოთავსდა. ის გზად პოლიციის ორი მანქანის დანახვამ გააბრაზა, თუმცა მძევლებს შორის მყოფმა სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ, მალევე დაარწმუნა, რომ მათ „კუდი“ არ მოჰყვებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამყაჩაღებელი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.
ლაშა შენგელიას დარჩა შთაბეჭდილება, რომ თავდამსხმელმა თავდაპირველად არ იცოდა, სად უნდა წასულიყო, რადგან ჯერ წალენჯიხისკენ, შემდეგ კი საჭესთან მჯდომს სხვა მიმართულებით გადაახვევინა. საბოლოოდ, ავტომობილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გააჩერეს.