აშშ-ის 2020-ის არჩევნების 5 საინტერესო შედეგი (რომლებიც ტრამპს ან ბაიდენს არ შეეხება)

აშშ-ში მიმდინარე არჩევნებს მთელს მსოფლიოში ადევნებენ თვალყურს. ძირითადი ყურადღება, ბუნებრივია, იმას ეთმობა, თუ ვინ გახდება აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. თუმცა, 3 ნოემბერს ამერიკა მხოლოდ პრეზიდენტს არ ირჩევდა - პარალელურად წყდებოდა კონგრესის 435-ივე მანდატის და სენატის 35 ვაკანსიის ბედი. ამას გარდა შტატები თვითმმართველობების ორგანოებს ირჩევდნენ, ზოგიერთ შტატში კი ბიულეტენებში მათთვის მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხებიც იყო შეტანილი.

აშშ-ის პრეზიდენტის ვინაობა ჯერ არ ვიცით. თუმცა, ამერიკის ამომრჩეველმა უკვე მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელთაგანაც ზოგი კონკრეტული შტატის ყოველდღიურობაზე აისახება, ზოგიც კი - მთელს ქვეყანაზე.

აი, აშშ-ის 2020 წლის არჩევნების 5 საინტერესო შედეგი, რომლებიც საპრეზიდენტო რბოლას არ შეეხება.

  1. ამერიკის შტატები აგრძელებენ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის პოლიტიკას

ორეგონი გახდა პირველი შტატი ამერიკაში, სადაც, 3 ნოემბერს, ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ყველა ნარკოტიკის, მათ შორის ჰეროინის, კოკაინის და LSD-ს დეკრიმინალიზაციას. ამავე დროს, ორეგონში ლეგალური გახდა ფსილოციბინის შემცველი სოკოს თერაპიული მიზნებისთვის მომხმარება.

არიზონამ, მონტანამ, ნიუ-ჯერსიმ და სამხრეთმა დაკოტამ კი სრულწლოვანთათვის მარიხუანის ლეგალიზაციას მისცეს ხმა. ისინი შეუერთდნენ ამერიკის 11 შტატსა და კოლუმბიის ოლქს, სადაც მარიხუანის მოხმარება ლეგალურია. ეს გადაწყვეტილებები კანაბისის მიმართ ამერიკაში დამოკიდებულების მნიშვნელოვან ცვლილებებზე მეტყველებს - სამხრეთმა დაკოტამ, მაგალითად, 4 წლის წინათ უარი თქვა მარიხუანის სამედიცინო მიზნით მოხმარებაზეც კი - თან საკმაოდ დიდი სხვაობით.

განსაკუთრებით მნიშნელოვანი ჩანს ნიუ-ჯერსის გადაწყვეტილება, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მარიხუანის ყველაზე დიდი ბაზარი გახდება. ეს კი გააძლიერებს ზეწოლას მეზობელ შტატებზე, მათ შორი ნიუ-იორკზე, რომ მსგავსი ზომები მიიღოს.

2. ამერიკას შტატის პირველი ტრანსგენდერი სენატორი ჰყავს

სარა მაკბრაიდმა იოლად გაიმარჯვა დელავერის შტატის სენატის არჩევნებში და გახდა პირველი ღიად ტრანსგენდერი შტატის სენატორი ამერიკაში და, ამავე დროს, ქვეყნის ყველაზე მაღალჩინოსანი ტრანსგენდერი.

30 წლის მაკბრაიდი მანამდე ლგბტქ+ აქტივისტების ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების კამპანიის“ წარმომადგენელი იყო. ამერიკის მედია მასზე 2012 წელს ალაპარაკდა, როდესაც სარამ უარი თქვა თავისი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელობაზე და სტუდენტურ გაზეთში საკუთარი იდენტობის შესახებ ილაპარაკა. სარა მაკბრაიდი იყო პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც თეთრ სახლში უმუშავია - კოლეჯში სწავლისას ის პრაქტიკანტი იყო ობამას ადმინისტრაციაში.

„ადამიანის უფლებების კამპანიის“ პრეზიდენტმა, ალფონსო დევიდმა თქვა, ეს „ისტორიული გამარჯვებაა არა მხოლოდ სარასთვის, არამედ მთელი ჩვენი თემისთვისო“.

3. ამერიკამ ყველაზე ახალგაზრდა რესპუბლიკელი კონგრესმენი აირჩია (რომელიც, შესაძლოა, ჰიტლერის თაყვანისმცემელი იყოს)

25 წლის მედისონ კოთორნი ყველაზე ახალგაზრდა რესპუბლიკელია, რომელიც ოდესმე აურჩევიათ კონგრესში. ივნისში, ჩრდილოეთ კაროლინის პრაიმაირისში მან დაამარცხა ისტებლიშმენტის სასურველი კანდიდატი და ისე ჩანდა, თითქოს ნოემბერშიც იოლ გამარჯვებას მიაღწევდა: ის ტრადიციულად კონსერვატიულ უბანში იყრიდა კენჭს და ამომრჩეველს მომხიბლავი ისტორიით წარუდგა - 18 წლის ასაკში, საავტომობილო ავარიის შედეგად ნაწილობრივ პარალიზებას არ შეუშინდა და პარტიას ახალი თაობის თვალთახედვა შესთავაზა.

თუმცა, მედიაში მისი მამხილებელი არაერთი ამბავი გამოჩნდა. კოთორნი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის საზღვაო აკადემიაში ავარიის გამო ვერ მოხვდა, მაგრამ აკადემიამ, როგორც ჩანს, მისი კანდიდატურა კატასტროფამდე უარყო. მისმა რამდენიმე კლასელმა კი კოთორნი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.

ყურადღება მიიქცია სოციალურ მედიაში მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმაც, სადაც ის ჰიტლერს „ფიურერად“ მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ ჰიტლერის აგარაკზე მოხვედრაზე ოცნებობდა. მისი შექმნილი ვებსაიტი კი თავს ესხმოდა ჟურნალისტებს, რომლებიც „თეთრკანიანი მამაკაცების წინააღმდეგ იბრძოდნენ“.

ბრალდებების მიუხედავად, მედისონ კოთორნმა ხმების 54,5% მიიღო და იოლად დაამარცხა დემოკრატი ოპონენტი.

4. ფლორიდამ მინიმალური ხელფასი 15$-მდე გაზარდა

ფლორიდამ დიდი უპირატესობით, 60,8%-ით 39,2%-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა შესწორება, რომლის თანახმადაც მინიმალური ხელფასი შტატში საათში 15 დოლარამდე გაიზრდება.

მინიმალური ხელფასის განსაზღვრა აშშ-ში მნიშვნელოვანი დებატების საგანია. ამჟამად, ფედერალურ დონეზე მინიმალური ხელფასია 7,25$ საათში. დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს მინიმუმის 15 დოლარამდე გაზრდას, პრეზიდენტი ტრამპი კი ამბობს, რომ ეს შტატების გადასაწყვეტია.

ფლორიდა მერვე შტატია, სადაც მინიმალური ხელფასი 15 დოლარამდე გაიზარდა და პირველი შტატია, სადაც ეს კენჭისყრის მეშვეობით მოხდა.

5. ჩრდილოეთ დაკოტის კონგრესში გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ჩრდილოეთ დაკოტის კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დევიდ ანდალმა სამჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მისმა დემოკრატმა ოპონენტმა. თუმცა, ის შტატის წარმომადგენელთა პალატაში ამომრჩევლის ინტერესებს ვერ დაიცავს. 55 წლის დევიდ ანდალი 5 ოქტომბერს გარდაიცვალა - კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწევა მის მანდატს. სავარაუდოდ, მის შემცვლელს შტატის რესპუბლიკელები დაასახელებენ.

ჩრდილოეთ დაკოტა ამერიკაში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ცხელი კერაა. ადგილობრივი ოფიციალური უწყების მონაცემებით, შტატის მოსახლეობის 12%-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია. 750 ათასიან შტატში დღემდე კორონავირუსისგან 555 ადამიანი გარდაიცვალა.