ამირან გამყრელიძის თქმით, ისევ მოიმატა კოვიდ-19-ით ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობამ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირების მაჩვენებელმა სამედიცინო პერსონალში ისევ მოიმატა და 4 ნოემბრის დილის მონაცემებში 209 სამედიცინო პერსონალია. 3 ნოემბრის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე იყო.

„პროცენტულად ჩვენთან ჯერჯერობით 6 პროცენტზე მეტი არ არის სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი. ეს არ არის მაღალი, მაგრამ თითოეული დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალი აკლდება ისევ და ისევ გარკვეული დროის განმავლობაში, მოგეხსენებათ, ავადმყოფთა მოვლას. ამიტომ ჩვენმა კოლეგებმა მეტად უნდა დაიცვან ინფექციის კონტროლის ყველა ის ღონისძიებები, რაც რეკომენდირებულია სამედიცინო დაწესებულებებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში არ ხდება და არის ოჯახური გავრცელების შემთხვევებიც.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2295 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 352-ით მეტი ახალი შემთხვევაა. გარდაიცვალა კოვიდ-19-ით დაავადებული 19 პაციენტი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 46 817 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2537-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 31 170, გარდაცვლილია 381 ადამიანი.