თამარ ჟვანიამ ბოდიში მოუხადა დიპლომატებს შეხვედრაზე ცესკოსთან მიმდინარე აქციის გამო

აქცია საარჩევნო ადმინისტრაციასთან

"ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი და არ აქვთ სურვილი, რომ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რისთვისაც გთხოვეთ მოსვლა და მობრძანდით. ამ ინფორმაციის მოწოდების ხელისშეშლის მცდელობაა გარეთ და ძალიან ბოდიშს გიხდით ამ უხერხულობისთვის", - ასე დაიწყო ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დიპლომატებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც არჩევნების შედეგებზე, დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებზე უნდა ემსჯელათ.

ამავე შეხვედრაზე მან თქვა, რომ პირადად მასზეც და საარჩევნო ადმინისტრაციაზეც ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.

“სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციაზე არის განუზომელი მასშტაბის შეტევა, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელებით, ფსიქოლოგიური ზეწოლაც მიდის მესიჯებით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ისე პირადად ჩემზე და ეს ზეწოლები იმისთვისაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვეღარ შეძლოს ფუნქციონირება, ვერ ჩაატაროს მეორე ტური, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მთელი ძალისხმევა მოვახმაროთ იმას, რომ პროცესი მიმდინარე, რაც კანონმდებლობის ჩარჩოებშია, გაგრძელდეს ისე, როგორც ამას საკანონმდებლო ჩარჩო მოითხოვს: ჩვენ გავიაროთ ყველა შესწორების პროცედურა, ყველა სამართლებრივი და საფუძვლიანი საჩივარი, რომელზეც გვექნება რეაგირება, გავიაროთ ყველა სამართლებრივი გზა და მხოლოდ ამის შემდეგ დავადგინოთ პირველი, მაგრამ ოფიციალური შედეგები“, - აცხადებს ჟვანია. მისი თქმით, ის, რაზეც დღეს პროტესტი მიმდინარეობს, არაოფიციალური წინასწარი მონაცემებია, რომელიც სხვადასხვა საფუძვლის, განხილვისა და შესწორების შემდგომ პროცესში სამართლებრივი გზით შეიცვლება და ცესკო საბოლოო მონაცემებს მეცხრამეტე დღეს ასახავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია "მიზანმიმართულ დეზინფორმაციად" აფასებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ოქმებს, სადაც ბალანსი მოქალაქეების ხელმოწერებსა და საბოლოო შედეგებზე არ ჯდება. ამ თემაზე ცესკომ განმარტება 2 ნოემბერსაც გააკეთა ფეისბუკის ოფიციალური გვერდით.

ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად აქცია ცესკოს შენობასთან ზუსტად იმ დროს გამართეს, როცა თამარ ჟვანია შეხვედრას მართავდა. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო დემონსტრანტები შენობასთან განთავსებულ რკინის ჯებირზე აბრახუნებდნენ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ისინი, დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებენ.