პარტია „გირჩის“ ლიდერი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიციური გაერთიანება გადაწყვეტს და კონსენსუსი იქნება, რომ პარლამენტში საერთოდ არ შედის და ამით უნდა საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენოს, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამის ნაწილია მეორე ტურიც და მონაწილეობას არც „გირჩი“ მიიღებს.
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიცაა, მეორე ტურში გავიდა „ქართული ოცნების“ კანდიდატ გია ვოლსკისთან ერთად.
„გირჩის“ ლიდერმა დღეს მედიას უთხრა, რომ პარლამენტში შესვლას აქვს ის პლუსი, რომ გაქვს საპარლამენტო ტრიბუნა და შეგიძლია იქიდან აჯანჯღარო ხელისუფლება: „თუმცა, აქვს მინუსიც და ბარემ მინუსსაც გეტყვით და ეწყინოს, ვისაც უნდა, რომ ეწყინოს - საპარლამენტო სიებს რომ გადახედოთ ოპოზიციური პარტიების, არის კატასტროფა. ანუ, ეხლა რომ ნახოთ, ვინ შედიან პარლამენტში - შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, პირობითად, 70 ადგილი, იმ 70 ადგილიდან 10 კაცი იქნება მარტო პოლიტიკოსი, რომელმაც პარლამენტში შეიძლება ხმა ამოიღოს“.