„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, პარტია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ აღიარებს და კოლეგა ოპოზიციონერ პარტიებთან ერთად დაწყებულია სამართლებრივი ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ ოქმები გაყალბებული იყო:
„არის ოქმი, რომელშიც 378 ხმა აქვს „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც 220 ადამიანია ამ უბანზე მისული ხმის მისაცემად. ასეთი ოქმები არის ასობით და ეს ოქმები ჩვენ გვაქვს, ამ ოქმების ატვირთვა მიმდინარეობს და ჩვენ ამ ოქმებს გადავცემთ საერთაშორისო დამკვირვებლებს“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ასეთი ოქმების არსებობით იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული რესურსი იქნა გამოყენებული, არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება:
„ყველა არჩევნები, რომლებიც საქართველოში ჩატარდა, იყო მეტ-ნაკლებად მანიპულირებული და ეს ყოველთვის იწვევდა ხოლმე პოლიტიკურ კრიზისებს, მაგრამ დღესდღეობით მე ჩემი პარტიის მაგალითზე გეტყვით, ბარიერიც კი არ გადაგვალახინეს, ოღონდ ბარიერის გადალახვა-არგადალახვის საკითხი ისეა დატოვებული, რომ ორი ოქმიც რომ შემოვიდეს ოდნავ შესწორებული, ჩვენ უკვე ბარიერი გადალახული გვაქვს, იმდენად ახლოსაა. ორი ოქმის ზღვარზეა გაჩერებული ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ, რომელიც ამბობს, რომ რუსთაველზე დგომის არანაირი სურვილი არ აქვს და ნებისმიერ პოლიტიკოსს პარლამენტის სავარძელში ჯდომა ურჩევნია, მაგრამ საარჩევნო ხმებს სათანადო დაცვა სჭირდება.
ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო“ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ვერ შევა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარტია 1-პროცენტიან ზღვარს ვერ ლახავს. პარტიას ხმების 0,85 პროცენტი აქვს მიღებული. შესაბამისად, პარლამენტში ვერ შედის სიის პირველი ნომერი, ნინო ბურჯანაძეც.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. პარტიების აზრით, რომ არა დარღვევები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა. პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. 8 ნოემბერს ისინი მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.