საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში გადააგდო.
„აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხულია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია“.
ნიკა მელიას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს შეაბეს. ამ სამაჯურით მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა.
ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.
პროკურატურის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მელიას შესახებ პოზიციას მოგვიანებით გააცნობენ მედიას.