უგულავა: ოპოზიციის უმრავლესობა იხრება იმისკენ, რომ არ შევიდნენ პარლამენტში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციის ძირითადი უმრავლესობა იხრება იმისკენ, რომ უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.

„ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ არ შევა ამ პარლამენტში. პარტიებმა ამ საკითზე მაქსიმუმ ერთი დღე აიღეს იმისათვის, რომ კონსულტაციები ჩატარდეს, მაგრამ ძირითადი უმრავლესობა იხრება იქითკენ, რომ არ შევიდეს პარლამენტში და დარჩეს ივანიშვილი მარტო საკუთარ თავთან“, - თქვა უგულავამ ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციის შეკრების შემდეგ.

უგულავა, რომელიც მაჟორიტარი კანდიდატი იყო, ამბობს, რომ პირადად ის პარლამენტში არ შევიდოდა.

„ვინც გავიდა, იმ ადამიანებს უნდა დაველაპარაკოთ და საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება დღეს დღის განმავლობაში ან ხვალ“, - განაცხადა უგულავამ.

ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების განსახილველად და საერთო სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ისინი პროტესტს გამოხატავენ, მათივე განცხადებით, უხეშ დარღვევებზე არჩევნების დღეს. ნაწილი კი პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს შედეგების ლეგიტიმაციას.

31 ოქტომბრის არჩევნებში, ოფიციალური, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 48.12% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. საერთო ჯამში, პარლამენტში 9 პარტია შედის, მათ შორის, „ევროპული საქართველო“.

განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ხმებს პარალელურად ითვლის. ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,8% მიიღო.