„სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლით: „ქართული ოცნება“ – 45,8%, გაერთიანებული ოპოზიცია - 26,4%

სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების პარალელური დათვლის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 45,8%, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 26,4%, „გირჩი“ – 2,8%, „ევროპული საქართველო“ – 3,7%, „ლელო“ – 3,1%, ლეიბორისტული პარტია“ – 1,0%, ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“ – 1,3%, გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,0%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,1%.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია დარღვევებზე, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევაა. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, რასაც შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე.

„PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, - ნათქვამია სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების პარალელური დათვლის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობა იყო 56,7%, თბილისის მასშტაბით - 55,4%.

რადიო თავისუფლების ინტერაქტიულ რუკაზე თვალი მიადევნეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს.