31 ოქტომბერს, საკუთრივ საქართველოს გარდა 38 სახელმწიფოში მოქმედებდა 52 საარჩევნო უბანი.
გერმანიაში საარჩევნო უბნები მუშაობდა ბერლინში, მიუნხენში და ფრანკფურტში. ფრანკფურტში 328 ამომრჩევლიდან უმრავლესობა მიემხრო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც მხარი დაუჭირა ჰესენის დედაქალაქში მოწყობილ 15-ე საარჩევნო უბანში მისულთაგან 106 პირმა. მეორე ადგილზეა „გირჩი“, 83 ხმით, ხოლო მმართველ, „ქართული ოცნება, დემოკრატიულ საქართველოს“ 60 ხმა ერგო. „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო მოძრაობამ თავისუფლებისთვის“ 19 ხმა მოაგროვა, ხოლო „ლელო-მამუკა ხაზარაძეს“ 14 პირი მიემხრო.
ბავარიის დედაქალაქში, მიუნხენში, საქართველოს ხმის უფლების მქონე მოქალაქეთაგან ხმის მისაცემად უბანში მივიდა 342 ადამიანი, რომელთა უმეტესობამ, 154-მა ამომრჩეველმა, ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“. 63 ხმა მიიღო „გირჩმა“, ხოლო 40 – „ქართულმა ოცნებამ“.
თურქეთში საარჩევნო უბნები სამ ქალაქში გაიხსნა, ანკარაში, სტამბოლსა და ტრაპიზონში.
ანკარაში 115 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 42-მა „ქართულ ოცნებას“. სულ თურქეთის დედაქალაქში, სადაც საქართველოს 700 მოქალაქეა რეგისტრირებულია, ხმა მისცა 181-მა. სტამბოლში, სადაც 1800 ქართველია რეგისტრირებული, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 368-მა ამომრჩეველმა, რომელთაგან 252 პირი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიემხრო, ხოლო „ქართულ ოცნებას“, 52. საარჩევნო უბანი მუშაობდა ტრაპიზონშიც, სადაც 400 რეგისტრირებულიდან არჩევნებზე მივიდა 192 მოქალაქე, ყველაზე მეტი, 100 ხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაგროვა. "ქართულ ოცნებას" 73 პირი მიემხრო.
შვეიცარიაში აღრიცხულია საქართველოს 326 მოქალაქე. საარჩევნო უბანი, 53-ე ნომრით, მუშაობდა ბერნში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93-მა ამომრჩეველმა. 27 პირი მიემხრო „ქართულ ოცნებას“, 24 – „ნაციონალურ მოძრაობას, გირჩს“ - 12-მა დაუჭირა მხარი.
ავსტრიაში, ვენაში, 288-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. "ნაციონალურ მოძრაობას" 109 ხმა ერგო, "გირჩს" - 56, ხოლო ქართულ ოცნებას - 46.