ილია მეორე: მივმართავ მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიმართავს მომავალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ითანამშრომლონ და მოუსმინონ ერთმანეთს.

ილია მეორემ საპარლამენტო არჩევნებში ხმა გადასატანი ყუთით მისცა. არჩევანის დასაფიქსირებლად გადასატანი ყუთით ილია მეორემ პირველად ისარგებლა:

“მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. მე იმედით ვუყურებ მომავალს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო”.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.