ანა დოლიძის თქმით, ჩუღურეთის საარჩევნო უბნებს „ძველი ბიჭები“ აკონტროლებენ

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის თქმით, ჩუღურეთში საარჩევნო უბნებს ე.წ. ძველი ბიჭები აკონტროლებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უთხრა.

ანა დოლიძე ამბობს, რომ ხუდადოვზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, „კრიმინალური ავტორიტეტი“ „კაწრო“, ავთანდილ ბილანიშვილიც იმყოფებოდა.

„ჩვენ დავაფიქსირეთ ამომრჩევლის ნების კონტროლი საარჩევნო უბნებთან სხვადასხვა მეთოდებით. კერძოდ, ქალები არიან სიებით, ამოწმებენ, ვინ მოვიდა, ვინ წავიდა და რეკავენ ადგილზე. მეორე - "ძველი ბიჭები" უბნებზე, კერძოდ, ხუდადოვზე, მე-5 საჯარო სკოლაში ახსენეს „კაწრო“, რომელიც ასევე გამოჩნდა ადგილზე. გარდა ამისა, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, სახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციები არიან წარმოდგენილი უბნებზე, კერძოდ, "იურისტთა და ადვოკატთა ობსერვატორია", "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", "ახალგაზრდები დემოკრატიული არჩევნებისთვის" და "ახალგაზრდული ცენტრი საქართველო". ეს ყველაფერი სიტყვების რახარუხია, ფურცელზე დარეგისტრირებული. არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელთა ერთადერთი ინტერესია ეჩხუბონ დამკვირვებლებს ან წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ უფლებებს იცავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიქსირდება ე. წ. მკვდარი სულები სიებში და ემიგრანტები. ჩუღურეთში, მე-11 უბანში აღმოვაჩინეთ რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი პიროვნება, ასევე აღმოვაჩინეთ არაერთი ემიგრანტი, რომლებიც რამდენიმე წელია საქართველოში არ ცხოვრობენ. ხელისუფლება ხელს უშლის ამომრჩევლის ნების განხორციელებას. ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით ჩემმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საჩივარი, რომელიც გაიგზავნა საოლქო კომისიაში. მე-4 საარჩევნო უბანზე არის განუკითხაობა და ქაოსი, 90-იანი წლების პურის რიგები გეგონებოდათ. ეს ნიშნავს, რომ ცესკომ არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა“.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.