ბურჯანაძე: უარი ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყანა ჭაობში მიჰყავს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, ამ არჩევნებში მან ხმა ძალასა და გამოცდილებას მისცა.

ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს:

„ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავს, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველას და ყველაფრის ყიდვა შეიძლება, რომელსაც მიაჩნია, რომ უზენაესი ღირებულება ფულია, უნდა, რომ ფულით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი დაპირება არ შეასრულა, უარი უნდა ვუთხრათ. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მოვიდნენ, ფულის ძალას არ დაემორჩილნონ, ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრან არჩევნების ყიდვას. ხელისუფლებასა და ყველა მომავალ ხელისუფლებას უთხრან - გადამწყვეტი არჩევნებში შესრულებული პირობაა და ქვეყნის წინაშე პრობლემების მოგვარება და არა ის, ვინ მეტ ფულს გადაიხდის. მოგიწოდებთ, მოხვიდეთ, მოგიწოდებთ მისცეთ ხმა ძალასა და გამოცდილებას, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარება დაიწყოს“.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.