პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე დადასტურდა არჩევნების დღეს კონკრეტული ოპოზიციური პარტიების დესტრუქციული ქმედებების ნაწილი, რის შესახებაც საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები წინასწარ გააფრთხილეს.
მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი თქვეს ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე.
„შეინიშნება ჩვენს მიერ მხილებული, ნაცმოძრაობის ფეიკ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა პლატფორმა 2020“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე ცნობით, საარჩევნო ინვენტარის მოპარვა დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წამომადგენელს „ევროპული საქართველოდან“ და გიორგი ვაშაძის პარტიიდან, არზუმან ხასიევს და ელიმდარ მირიევს ჰქონდათ გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა: „ამ ფაქტს კამერით აფიქსირებდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, თუმცა, ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზა“. კობახიძის თქმით, ამ ფაქტის ვიდეომტკიცებულებას მოგვიანებით წარმოადგენენ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებითვე, შეინიშება ერთ-ერთი ფეიკ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლების ფოტოგადღება, რაც უხეშად არღვევს თავისუფალი არჩევნების პრინციპს და ასევე, შეინიშება ამავე ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნებში აგიტაციის წესის სისტემური დარღვევა.
„გარდა ამისა, კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად, ბოლნისში შეინიშნება ჩვენს მიერ წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება. პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდება დემონსტრაციულად დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, დიმიტრი შაშკინის განმარტებას, რომ მას იარაღის ტარების უფლება აქვს, ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი უფლება აქვთ პარლამენტის წევრებს, ყოფილ სამართალდამცავებს და ა.შ., მაგრამ როცა საქმე ეხება საარჩევნო პროცესს, ყველას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და დაუშვებელია, რომ იქ ვინმე იარაღით დადიოდეს. კობახიძის განცხადებით, შაშკინს საარჩევნო უბნებზე იარაღი არ უნდა სჭირდებოდეს, ამიტომ ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ დესტრუქციული ზრახვები აქვთ.