ალეკო ელისაშვილმა საკუთარ თავს მისცა ხმა და ნომერი 24 შემოხაზა

Georgia -- Aleko Elisashvili.

„მიკიბულ-მოკიბულად რომ ლაპარაკობენ ხოლმე, იმას მივეცი ხმა, ამას, განვითარებას და ა.შ. არა, უკეთეს საქართველოს მივეცი ხმა და ეს ჩემი ღრმა რწმენით 24 ნომერია, თავად წარმოვადგენ ამ პარტიას და რა თქმა უნდა, მაჟორიტარულ ბიულეტენშიც ჩემს თავს მივეცი ხმა, რადგან ჩემი თავის იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ვიბრძოლებ უკეთესი საბურთალოსთვისაც და უკეთესი საქართველოსთვისაც“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ქვეყანა უკეთესი საქართველოსკენ გადადგამს ნაბიჯს:

„ეს „ქართული ოცნების“ ბოლო გაფართხალებაა და დღეს არ იქნება მარტივი დღე, რთული დღე გველის, ბრძოლა გველის და ყველა მზად ვართ, რომ ვიბრძოლოთ და შევცვალოთ. იმისთვის ვარ აქ, იმისთვის შემოვხაზე 24, რომ შევცვალოთ ეს ამბავი და 24 საათის მერე აბსოლუტურად სხვა საქართველოში ვიცხოვროთ - მრავალპარტიულ, დემოკრატიულ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნება“ თავის ირაკლი კობახიძესთან ერთად იქნება ოპოზიციაში და ეს იქნება კარგი“.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.