პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ელის.
„ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ დამაჯერებლად მოვიგოთ ეს არჩევნები. მთავარია საზოგადოების სრული მობილიზაცია. ძალიან კარგია, რომ მაღალი აქტივობაა დღეს საარჩევნო უბნებზე და იმედი მაქვს, რომ ასევე გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.
მისივე თქმით, დღეს გაიმარჯვებს ქართველი ხალხის სწრაფვა პროგრესისკენ, განვითარებისკენ, დასავლეთისკენ.
„ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი, რომ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის წინ სვლა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს და უნდა გავიხედოთ მომავლისკენ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.
საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.