საიას სადამკვირვებლო მისიამ დილის 10 საათამდე 10-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა

საარჩევნო უბნების გახსნიდან პირველი ორი საათის განმავლობაში დამკვირვებლებმა სხვადასხვა უბანში პროცედურული სახის დარღევები დააფიქსირეს. საია-ს დამკვირვებლების შეფასებით კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

ძირითადად დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არ დაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.

ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 10-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის:

  • გარდაბნის #19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს (დაწერილია საჩივარი);
  • ზუგდიდის #65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით; საბურთალოს #23, თელავის #54 და მთაწმინდის #3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს - უმეტესი მათგანი გასაჩვრებულია;
  • შუახევში #41 უბანზე წილის ყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომიის წევრების, აგრეთვე სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი).
  • მარნეულის #85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.

გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუში #17, ზუგდიდში #24 და ბათუმის #35 უბნები). კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთანავე, ფოტოგადაღება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც საიას შეფასებით წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საოლქო და საუბნო დამკვირვებლით ადევნებს თვალს.